21.03.2009

პიროვნების როლი










ვარაუდობენ, რომ, პრეზიდენტი სააკაშვილი თანამდებობას აპრილშივე დატოვებს.

ხელისუფლების მომხრეები აცხადებენ, რომ ეს 2013 წლამდე არ მოხდება.

თუ სააკაშვილი არ გადადგა, ოპოზიციის ნაწილი ხავერდოვან რევოლუციაზეც თანახმაა.

ყველა ხავერდოვანი რევოლუციის მცდელობიდან სახელმწიფო გადატრიალებამდე, რეალურად, ნახევარი ნაბიჯია.



სისხლის ღვრამდე ნახევარი ნაბიჯი იყო ხავერდოვან 2003 წელსაც, მაგრამ მომავალმა პრეზიდენტმა მაშინ წითელი ვარდი დაიჭირა და მაშინდელი პრეზიდენტის ჩაი “ზალპამ” მოსვა.

დღეს ერთმანეთს ადარებენ ყოფილ და დღევანდელ უმაღლეს მმართველებს, ამბობენ, რომ, პირველი მათგანი ბრძენთა ბრძენი გამოდგა, სისხლი რომ არ დაღვარა და უმტკივნეულოდ გაგვეცალა... მთავარი მაინც ისაა, რომ, ყოფილი პრეზიდენტი თავადაც ხვდებოდა - ვერ ვითარდებოდა მისი მმართველობის დროს ქვეყანა.

დღევანდელ პრეზიდენტს, წინამორბედისგან განსხვავებით, ჩანს, თავკერძობა მოსძალებია, რადგან მართლაც სჯერა - მხოლოდ თავადაა ქვეყნის გადამრჩენი და მისი ოპონენტები, ყველანი ერთად და ცალ-ცალკე, მტრები, მოღალატეები, დაუნახავები, ქაჯები და მდაბიოები არიან.

სწორედ უმაღლეს მმართველთა დამოკიდებულება საკითხებისადმი ზრდის და ამცირებს ხავერდოვანი რევოლუციიდან სისხლის ღვრამდე ნახსენები ნახევარი ნაბიჯის გადადგმის ალბათობას... სწორედ ამიტომაა პიროვნების როლი უმეტესად გადამწყვეტი იმგვარ ვითარებებში, როგორშიც, კიდევ ერთხელ და სავალალოდ, კვლავაც აღმოვჩნდით.

რასაკვირველია, პროცესებისადმი დამოკიდებულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია პიროვნებათა (ამ შემთხვევაში პრეზიდენტთა) ბიოლოგიური ასაკი, სხვა თანამდებობების პირთა ერთგულება მათ მიმართ და იდეისადმი, გარე სამყაროს დამოკიდებულება მოვლენებისადმი, ოპონენტთა მზაობა, აიღონ ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა... სხვა ფაქტორები, მაგრამ, უმთავრესი მაინც პიროვნებაა, ინდივიდია, ამ შემთხვევაში უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც გადამწყვეტი როლი ეკისრება ამგვარ პროცესებში.

ამავე კონტექსტში, ახლაღა ვხვდებით, რომ, იმ, 2003 წლის ხავერდოვნად რევოლუციის “თანაავტორი” (მხოლოდ არა იმ გაგებით, რომ ამბობენ, “შეკრულები” იყვნენ რევოლუციონერები და შევარდნაძეო), სწორედ შევარდნაძე იყო და სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი იმ პროცესებში. (იქნებ სწორედ ამიტომ თქვა მომავალმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 ნოემბრის გაზეთ “24 საათისთვის” მიცემულ მოკლე კომენტარში: “შევარდნაძე მაგარი კაცია”). შევარდნაძის პიროვნულმა გადაწყვეტილებამ, წასულიყო სახლში მეუღლესთან და არა იმ ადამიანებთან, რომლებიც ტანკების გამოყვანისკენ მოუწოდებდნენ, განაპირობა პროცესების უსისხლოდ დაასრულება. შედეგად, შევარდნაძემ მიიღო სახელმწიფოებრივი ინდულგენცია, ხოლო სახელმწიფოს შერჩა განვითარების პერსპექტივა.

რთული სათქმელია, მაგრამ, მაინც ვიტყვით, შევარდნაძის სწორედ იმ ერთმა პიროვნულმა ნაბიჯმა გადასწონა მისი შეცოდებანი ზოგადად ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონკრეტული ადამიანების მიმართ.


***

მოსაზრება, რომ საზოგადოებას შეეძლო მოეთმინა 2003 წელს და ყოფილი რეჟიმი სწორედ არჩევნებით გაგვესტუმრებინა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ლეგიტიმურია... თუმცა, არანაკლებ ლეგიტიმურია მეორე აზრი - სტატიური ყოფილი პრეზიდენტისთვის სწორედ მისი სტატიურობა არ უნდა შეგვერჩინა და კანცელარიიდან თუნდაც კრწანისში დაუსჯელად უნდა გაგვესტუმრებინა. ლეგიტიმურია ჩვენი დღევანდელი მოუთმენლობაც – დინამიური სააკაშვილის დინამიკაში დაშვებული შეცდომების ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ, კითხვა: “აქვს თუ არა ქვეყანას განვითარების პერსპექტივა მისი მმართველობის პირობებში”, აქტუალურია.

***

სწორედ ყოფილი პრეზიდენტის მართვის მეტად სტატიურმა და დღევანდელი პრეზიდენტის მართვის ძლიერ დინამიურმა სტილმა, აგრეთვე, ორივე მათგანის მიერ მართვის დროს დაშვებულმა გამოუსწორებელმა შეცდომებმა, დღის წესრიგში დასვა ქვეყნის კონსტიტუციური წყობის შეცვლის საკითხი.

პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ვისაც არ ეზარება, თითქმის ყველა საუბრობს, რომ, სააკაშვილის წასვლის (დათვის მოკვლის) შემდეგ, უნდა მოხდეს ქვეყნის ან საპარლამენტო რესპუბლიკად ან კონსტიტუციურ მონარქიად ტრანსფორმაცია.

საინტერესოა, რომ, ამ თემაზე ერთ ხმაში მსჯელობენ რესპუბლიკელები და ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები და დემოკრატები, ქრისტიან-დემოკრატები და კონსერვატორები... ტრადიციონალისტები, ლიბერალები...

საყურადღებოა, რომ, ქვეყნის წყობის შეცვლაზე არ, ან ძალიან ცოტას საუბრობენ მხოლოდ ისინი, რომლებსაც ამ წყობაში უმაღლეს ხელისუფალად დარჩენის ან მოსვლის რეალური შანსი აქვთ - არც სააკაშვილი და არც ბურჯანაძე ამ საკითხზე არაფერს ამბობენ, ხოლო ალასანია ღიად აცხადებს, რომ თავად საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრეა, თუმცა, საბოლოოდ, მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელ მოდელს აირჩევენ.

იმისათვის, რომ ამა თუ იმ მოდელის უპირატესობაზე ვისაუბროთ, თავად “დემოსს”, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ პრაქტიკულად სრული ინფორმაცია ამ საკითხებზე. საზოგადოებას, მათ შორის კონსტიტუციური მონარქიის მომხრეთაგან უნდა განემარტოს, რომ, ამ ეტაპზე ამ მოდელის შემოღება, სხვა თუ არაფერი, შეუძლებელია, რადგან რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ მის განუმეორებლობაზე, საქართველოში უახლეს 16-20 წელიწადში ეს წყობა უბრალო მიზეზის გამო ვერ დაინერგება – ზრდასრული (ჯერ დაბადებულიც კი) მონარქი არ გვყავს... ხოლო ამ იდეის ავტორი, სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია და პირადად პატრიარქი, მის ხორცშესხმას სწორედ მაშინ აპირებდა, როდესაც მონარქი ჯერ დაიბადებოდა, შემდგომ ეკლესიის წიაღში აღიზრდებოდა და ბოლოს კი, ზრდასრულ ასაკში, ამგვარი მოდელის სახელმწიფოს თავკაცობას იკისრებდა.

თუ მონარქზე საუბარიც კი უტოპიურია, ნაკლოვანია მეორე მოდელი - საპარლამენტო რესპუბლიკაც.

ამგვარი მოდელი მართვის ჰორიზონტალური სტილით გამოირჩევა. ნომინალური პრეზიდენტი და ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფალი - პრემიერი, ძლიერი საპარლამენტო კონტროლით, ამ მოდელს საპრეზიდენტოსაგან მნიშვნელოვნად გამოარჩევს. თუმცა, თუ, პირობითად 2029 წლისთვის (ანუ პერიოდისთვის, როდესაც მონარქი დაბადებულიც იქნება, აღზრდილიც და დაღვინებულიც), ქვეყანაში კვლავ უნდა განვიხილოთ ქვეყნის წყობის საკითხი, უმჯობესი იქნებოდა, საპრეზიდენტო მმართველობა, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, სწორედ ამ პერიოდამდე დაგვეტოვებინა.

საპარლამენტო მოდელის მოწინააღმდეგეთა მეორე და უმთავრესი არგუმენტი მაინც სხვაა - ფაქტია, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, საპარლამენტო მოდელის ქვეყნების აღმასრულებელ ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვებული პარტიები ერთპიროვნულად ან კოალიციურად აკომპლექტებენ. ეს კი, იმგვარი გეოსტრატეგიული მდებარეობის ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, შეიძლება, წამგებიანიც იყოს – საკანონმდებლო თუ სამთავრობო კრიზისების ალბათობა მეტად გაიზრდება, რაც, თავისთავად შეანელებს სახელმწიფოს პროგრესის ტემპებს. (სახელმწიფოს პროგრესში არ იგულისხმება შეღებილი ფასადები, აშენებული და დაუსრულებელი საავადმყოფოები და ქარხნებისთვის შეწერილი ყურძენი... ანუ, პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ერთპიროვნულად იღებდა დღევანდელი ძალაუფალი).

გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ, საპარლამენტო მმართველობის პრემიერი მართვის დროს იმგვარივე შეცდომებით გამოირჩეს, როგორებითაც გამოირჩევა საპრეზიდენტო მმართველობის პრეზიდენტი, რაც, რასაკვირველია, პარლამენტისა თუ საზოგადოების მხრიდან, მეტად დასჯადი იქნება, ვიდრე საპრეზიდენტო მმართველობის დროსაა, მაგრამ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ერთი და იმავე ადამიანს პრემიერად მეორედ, მესამედ და მეოცედაც შეუძლია მუშაობა პრეზიდენტისაგან განსხვავებით, რომელიც, დღევანდელი კონსტიტუციის თანახმად, მაქსიმუმ ორჯერ შეიძლება იყოს არჩეული (უცებ რომ წარმოვიდგინოთ – სააკაშვილი არის პრემიერი და არა პრეზიდენტი... მისი განტავისუფლების შემდეგ მას პრემიერად მობრუნება შეუძლია მომავალი საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე).

ამდენად, თუ მართვის სტილი არ შეიცვალა, გამომდინარე პიროვნების როლიდან პროცესებში, გამორიცხული არ არის, რომ, საპარლამენტო პრემიერი არანაკლებ დიდი თავსატეხი იყოს ქვეყნისთვის, ვიდრე საპრეზიდენტო მოდელის პრეზიდენტია.

***

თუ გულრწფელები ვიქნებით, ჩვენ რეალურად ვიბრძვით (უნდა ვიბრძოდეთ) არა მხოლოდ საპრეზიდენტო იმგვარი მოდელის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენშია დანერგილი (თავისთავად, საპრეზიდენტო ქვეყნის ეს მოდელიც არადემოკრატიული, დაუბალანსებელი და ავტოკრატულია), არამედ, პირველ რიგში, იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც ეს მოდელი დანერგა, კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო, დაუსჯელობის სინდრომი გააჩინა და განუსაზღვრელ ძალაუფალად იქცა.

მეტიც, თუ უფრო განვაზოგადებთ, ჩვენ ვებრძვით (უნდა ვებრძოდეთ) არა მხოლოდ ამ პირს, რომელმაც ეს არადემოკრატიული მოდელი შექმნა, არამედ უპირველესად, მართვის იმგვარ სტილსა თუ მეთოდს, რომელიც ამ პირმა ამ პირობებში დანერგა. თუ ეს ასეა, უნდა ვაღიაროთ, რომ, დემოკრატიული საპრეზიდენტო მმართველობა, თავისთავად, ცუდი ნამდვილად არ არის. ხოლო ცუდი, მიუღებელი, არადემოკრატიული და ტირანიასთან ტოლობის ნიშნიანი მხოლოდ ის მმართველობაა, რომელიც დღეს არსებობს და რომლის ავტორიც დღევანდელი ხელისუფალია. ანუ, ცუდია სააკაშვილის პრეზიდენტობა და მართვის სტილი და არა ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტი.

ამგვარი აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად არ ვიმსჯელოთ, რომელი მოდელი სჯობს სამომავლოდ – საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო, არ განვიხილოთ მათ შორის კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის პერსპექტივებიც, მაგრამ, რამდენადაც დღევანდელობის პრობლემა, არა საპრეზიდენტო დემოკრატიულ არამედ საპრეზიდენტო ტირანულ მმართველობაშია, ამგვარი ძირეული საკითხების მყისიერად და სპონტანურად გადაწყვეტაზე უარი, ალბათ, ამთავითვე უნდა ვთქვათ.

უარსათქმელია ამ საკითხების ინიცირება იმიტომაც, რომ, უმრავლესობა ჩვენგანი დღეს ითხოვს რიგგარეშე საპრეზიდენტო მმართველობას – თუ წარმოვიდგენთ, რომ, სააკაშვილი მართლაც გადადგა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, იმ პატიოსან, წესიერ, ხალხისაგან მხარდაჭერილ ახალ მმართველს, ჩვენ ამთავითვე ჩავაგდებთ ერთგვარ უხერხულ ვითარებაში, როდესაც მოვთხოვთ სახელმწიფო მოდელის მყისიერად შეცვლას, ანუ გადადგომას და თუ ამას არ შეასრულებს, კიდევ ერთხელ და ამჯერად უმიზეზოდ თუ უარგუმენტოდ დავატრიალებთ ბედის ბორბალს ამჯერად მის თავზე.

***
ვითარებაში, რომელშიც ჩვენ კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით, პიროვნების როლი მნიშვნელოვანი და იქნებ გადამწყვეტიცაა – 2003 წელს ჩვენ ერთად გავიარეთ ბეწვის ხიდზე და სახელმწიფო, დღეს რომ მოდაშია იმ სიტყვას ვიხმარ, არ ჩამოგვეშალა.

კიდევ ერთი ბეწვის ხიდის, უფრო ვიწრო ხიდის კონტურები უკვე გამოსახულია... მალე ყველა ერთად დავადგებით ამ ხიდის გზას. პიროვნებებს შეუძლიათ ამ გზის გაფართოვება, მათ შორის მასაც, ვის წინააღმდეგაც ახლა დავრაზმულვართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანს ტკბილი, უზრუნველი ახალგაზრდობისა თუ სიბერის მხოლოდ კრწანისული პერსპექტივა უნდა დავუტოვოთ... პირიქით, თუ ადეკვატური იქნა, თანამედროვე დედამიწა იმდენად დაპატარავდა, რომელიმე დასავლურ უნივერსიტეტამდე ჩაღწევა მისთვის გაცილებით იოლი იქნება, ვიდრე რუსთავამდე დახურული მანქანით მგზავრობა, მით უფრო ქალაქში მომრავლებული საცობების გათვალისწინებით...

არც ჩვენ ვისურვებდით მისთვის ამ უკანასკნელ სვეს, რადგან ზოგადად არ არის სასიამოვნო, როდესაც ქვეყნის თუნდაც ექსმმართველი ბორკილდადებული ტუსაღია... და ბოლოს, კიდევ ერთხელ - უმაღლეს მმართველთა დამოკიდებულება საკითხებისადმი ზრდის და ამცირებს ხავერდოვანი რევოლუციიდან სისხლის ღვრამდე ნახევარი ნაბიჯის გადადგმის ალბათობას...

03.03.2009

საცხრააპრილო

უკანასკნელი 19 წელიწადია, ყოველი წლის 9 აპრილს, გამთენიისას, 4 საათისთვის, რუსთაველის გამზირზე ვარ – მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს დაახლოებით ღამის პირველ საათზე დავტოვე მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია და, ამდენად, აპრილის იმ ბობოქარი დღის უშუალო მონაწილედ არ ვითვლები, მაინც მოვალედ მივიჩნევ თავს, მუხლი მოვიყარო დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და ჩვეულებრივზე მეტხანს დავფიქრდე ამ ტრაგედიაზე.

მე არ მივდივარ მთავრობის სახლთან 1991 წლის 9 აპრილის გამო, თუმცა, ეს დღეც ძალზედ მნიშვნელოვნად მიმაჩნია – დამოუკიდებლობის აღდგენა ჩვენში “ხშირად” კი ხდება, მაგრამ, მგონია, რომ ეს უკანასკნელი დეკლარაციაა. იმედი მაქვს, უკანასკნელი...
1989 წლის ტრაგედია კი უკანასკნელი ნამდვილად არ არის და არ ვგულისხმობ მხოლოდ შემდგომ წლებში განვითარებულ მოვლენებს აფხაზეთსა თუ შიდა ქართლში, არ ვგულისხმობ თუნდაც აგვისტოს ომს... ის ტრაგედია უკანასკნელი არც რუსთაველის გამზირისთვისაა – 1991-92 წლების მოვლენები... 2007 წლის ნოემბერი...
ახლაც, 2009 წლის 9 აპრილს, ტრაგედიიდან 20, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 18 წლის შემდეგ, სისხლნანახ, მაგრამ, მაინც გამორჩეულად სურნელოვან რუსთაველზე ვიქნები, ზუსტად ღამის 4 საათზე და კვლავ შემომეგებიან ჩვეულებრივი, ვთქვათ ასე, არაცნობადი სახეები ტკივილიანი თვალებით იმდროინდელი საქართველოდან.
ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ, ვხვდები ... წლიდან წლამდე მათი რაოდენობა კლებულობს... ხოლო ნაცნობი, საქვეყნო სახეებიდან, 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეებიდან, საქართველომ დაკარგა მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია, აკაკი ბაქრაძე...
1989 წლის 9 აპრილიდან 20 წლის თავზე საქართველო ისევ ბობოქარია, რუსთაველის გამზირი - ისევ მოვლენათა ეპიცენტრი.
დამოუკიდებელ საქართველოში ხელისუფლებას, კონკრეტულ ხელისუფალს ვუპირისპირდებით, დემოკრატიის ხარისხს ვუწუნებთ, ადამიანის უფლებათა დარღვევაში ვადანაშაულებთ, გადადგომისკენ მოვუწოდებთ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ვთხოვთ.
დამოუკიდებელი საქართველო ვახსენე - რომ ვუფიქრდები, მხოლოდ ფერი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე და გაეროს წევრობა, თუნდაც დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების ნაწილობრივი უნარი არ ყოფილა დამოუკიდებლობის ხარისხის განმსაზღვრელი, ჩვენ არასაკმარისი დამოუკიდებლობა გვაქვს, ვართ და თან არ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთოდ სახელმწიფო...
არადა, ასეთ სამშობლოს ნამდვილად არ ვნატრობდით – ტერიტორიებშელახულს, ომგამოვლილს, ღირსებააყრილს...
სწორედ ამის საპროტესტოდ ირაზმება ხალხი საცხრააპრილოდ, ტრაგედიიდან ოცი, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 18 წლის შემდეგ.
ახალ ისტორიას ახალი ადამიანები წერენ, შემდგომი თუ მიმდინარე ოცწლედის ადამიანები. “სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული” თუნდაც იმიტომ, რომ გარდასულ დღეთა ნამდვილი და ფსევდოგმირები მოხუცდნენ, ჯანი წაერთვათ, დაიღალნენ.
”ახალგაზრდობა – იმედი ხვალის” კი შემართულია, ათასგვარი ლოზუნგი გამოაქვს, რითმავს.
შესაძლებლობებიც განუსაზღვრელად დიდია - საზოგადოებრივი, ”დამოუკიდებელი” და დამოუკიდებელი ტელევიზიები, ყვითელი და მყვირალასათაურიანი გაზეთები, ფერადი კარგი და ფერადი უგემოვნო ჟურნალები, თანამედროვე ტექნოლოგიები...
“ეროვნულ მოძრაობას მოწოდებისა და ინფორმაციის გავრცელების ამდენი შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, 200 ათასზე მეტ ადამიანს გამოიყვანდა და კომუნისტებიც გაცილებით ადრე წავიდოდნენ” - უნებურად მახსენდება 2007 წლის 2 ნოემბერს ერთი ჩია კაცის ჩალაპარაკებული.
თანამედროვე ტექნოლოგიები... ასე მგონია, რომ მაინც არასაკმარისი, არასრულყოფილი მეთოდია საზოგადოების მანიფესტაციაზე მიყვანისა და, მით უფრო, მისი იქ პერმანენტულად გაჩერებისთვის.
2009 წლის 9 აპრილს, ჩანს, 2007 წლის 2 ნოემბრის რაოდენობრივი “რეკორდიც” მოიხსნება, მაგრამ კითხვა: რა იქნება 10,11,12,13,14 და აპრილის შემდგომ სხვა დღეებში, თუკი პრეზიდენტმა თანამდებობა არ დატოვა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა არ გვაუწყა, მაინც არ მასვენებს.
გახსნილი თუ დახურული ტელევიზიებიდან ახალი ამბების მაუწყებელი წამყვანები ვერასოდეს, ხოლო დაძაბული სახეებით მომზირალი პოლიტიკოსები დიდხანს ვერ დარჩებიან პროპაგანდისტებად – თუ ხელისუფლებამ 2007 წლის 7 ნოემბრის მსგავსი შეცდომა არ გაიმეორა, მას აქციები ბევრს ვერაფერს დააკლებს თუნდაც იმიტომ, რომ მას, ამ შემთხვევაში, არც პარტნიორი ქვეყნებიდან მიუთითებენ კარისაკენ.
შესაბამისად, ყოველდღიურად შემოიფრცქვნება, შემცირდება ხალხის ნაკადი, ვიღაცას აპათია დასძლევს, ვიღაცას - ღრმა დეპრესიის სურვილი... ზოგი კვლავ მოითხოვს სადმე შევარდნა-შეჭრას და ლიდერები კვლავ გააჩერებენ, ზოგს კი პირველვე აქციაზე შემოეყრება გული, როდესაც ჭკუის დამრიგებლად ისინი მოევლინებიან, ცოტა ხნის წინ მიტინგების დარბევასაც რომ ამართლებდნენ, არჩევნებსაც აყალბებდნენ და მაგალითად დევნილებსაც რომ მიმართავდნენ არც თუ საამური სიტყვებით.
რა ხდება შემდეგ? – ეს კითხვა, წესით, დღესვე პასუხგასაცემი იმ შემთხვევაშიცაა, მანიფესტანტთათვის ყველაზე კარგი სიზმარიც რომ ახდეს – ზუსტად 9 აპრილსაც რომ გადადგეს ხელისუფალი.
რა ხდება შემდეგ? როგორ, რა წესის ქვეყანას ვაშენებთ? ამ კითხვებზე პასუხები, თანამედროვედ რომ ვთქვათ, მესიჯები, გასაგზავნია პარტნიორ დასავლეთშიც, რომელსაც ფინანსური კრიზისი კი მოსძალებია, მაგრამ, ეს კრიზისი შედარებით იოლად რომ დასძლიოს, მათ შორის ამ რეგიონშიც უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტია და პროცესებში საკუთარი თანამონაწილეობის განცდა თუ შესაძლებლობა.
რა ხდება შემდეგ? ამ კითხვაზე პროტესტანტთა უმრავლესობის პასუხი ცნობილია – “გადადგეს ხელისუფალი და მერე დალაგდება ყველაფერი”. ჩვენ კი ვიცით - ამ ქვეყანაში ურემი არაერთხელ ჩვენს თვალწინაც გადაბრუნებულა, მაგრამ, გზა, სამწუხაროდ, არ გამოჩენილა.
ამ მხრივ ყველაზე მწყობრად ჩამოყალიბებული თვალსაზრისი არა “9 აპრილის კომიტეტს” არამედ ”ალასანიას ალიანსს” აქვს. დეკლარირებულია – ქვეყანა იქნება საპრეზიდენტო, ძლიერი, დამაბალანსებელი პარლამენტით, დამოუკიდებელი სასამართლოთი, ხოლო კონფლიქტების მოგვარების ძალისმიერი გზა არც კი განიხილება.
სხვა პოლიტიკური პარტიებისაგან მწყობრი მსჯელობა ამ საკითხებზე არ მოგვისმენია – ერთადერთი ქრისტიან-დემოკრატები მახსენდებიან, კონსტიტუციური მონარქიის მომხრეები და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად ცნობის ინიციატორები.
თუ ამ “გლობალურ” საკითხებზე პოლიტიკოსებს არ უფიქრიათ, არც ვიკითხავ – როგორ აპირებენ ისინი მართლაც გლობალური საკითხების მოწესრიგებას, მაგალითად, ნახსენებ მსოფლიო ფინანსურ კრიზისთან გამკლავებას, ინვესტიციების მოზიდვას... უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას.
მაგრამ, ვიკითხავ, ხელისუფალის წასვლის შემდეგ აძლევენ თუ არა ინდულგენციას იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან, ადამიანის უფლებათა დარღვევითაც გამოირჩევიან და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებითაც... და თუ არ აძლევენ, მაშინ, ხელშეუხებლობით რატომ ისარგებლებენ (თუ ისარგებლებენ) ისინი, მათ რიგებში ახლა რომ გადაბარგდნენ, მანამდე კი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არანაკლებად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და არანაკლები ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით გამოირჩეოდნენ?
“დაუსჯელობის სინდრომი” ცუდია, მაგრამ, არანაკლებ ცუდად მოჩანს “ვენდეტის სინდრომი”.
მსჯელობაც ზედმეტია – არსებული ხელისუფლების ნდობის ვოტუმი ძალზე დაბალია, ნებისმიერი კონსტიტუციური გზა – აქცია, მიტინგი, მანიფესტაცია, რეფერენდუმი, არჩევნები... უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დღევანდელი მმართველობა ჩვენი ქვეყნის საჭეს ჩამოსცილდეს; მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ამთავითვე უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის სახელმწიფო აშენდება მაშინ, როდესაც, ეს ხელისუფლება ისტორიას ჩაბარდება. ... და უნდა ვიცოდეთ, ჩვენი აქცია, პროტესტი, რეფერენდუმი, არჩევნები ... მხარგამაგრებული და მოწონებული იქნება თუ არა იმავე დასავლეთისგან.
მისაყვედურებენ – “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის”, რა დროს დასავლეთიაო; ვუპასუხებ – 2008 წლის 5 იანვარსაც გვეყუდვნოდა ჩვენი თავი, მაგრამ, დასავლეთმა “გვიგანა”, რადგან, ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის მეტსახელი ნამეტანი “ვაკურად” ჟღერდა, მისი ოპონენტი კი კომპიუტერთან და ინგლისურთან მწყრალად არ იყო...
რა სათქმელია და, გავიგე – ლევან გაჩეჩილაძე საპრეზიდენტოდ საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებს, რისთვისაც ის კიდევ ერთხელ დავაფასე, ხოლო ყველაზე მეტად მისი ის საქციელი მხიბლავს, ამ ვაკელმა და მეტსახელიანმა ხალხი რომ გააჩერა 2008 წელს, ხალხი, რომელიც ვენდეტას ითხოვდა, ხოლო ამ დროს სახელმწიფო თავზე გვენგრეოდა.
(ისე, სახელმწიფო მერეც დაგვენგრა, უკვე აგვისტოში).
და ბოლოს, 2009 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე რუსთაველის გამზირზე ვიქნები და კვლავ შემომეგებიან ჩვეულებრივი, ვთქვათ ასე, არაცნობადი სახეები ტკივილიანი თვალებით იმდროინდელი საქართველოდან.
ასე ვივლით ჩვენ რუსთაველის გამზირზე, სისხლნანახ, მაგრამ, მაინც გამორჩეულად სურნელოვან ჩვენს რუსთაველზე...
ადრე ”9 აპრილის თაობის” წარმომადგენელი მიწოდეს... პათეტიკურად კი ჟღერს, მაგრამ, მართლა მინდა, რომ 7 ნოემბრისა და 9 აპრილის თაობებმა ერთად ააშენონ ეს ქვეყანა...

ABOUT TABLO

ჟურნალისტი, მედია-ექსპერტი,