21.03.2009

პიროვნების როლი










ვარაუდობენ, რომ, პრეზიდენტი სააკაშვილი თანამდებობას აპრილშივე დატოვებს.

ხელისუფლების მომხრეები აცხადებენ, რომ ეს 2013 წლამდე არ მოხდება.

თუ სააკაშვილი არ გადადგა, ოპოზიციის ნაწილი ხავერდოვან რევოლუციაზეც თანახმაა.

ყველა ხავერდოვანი რევოლუციის მცდელობიდან სახელმწიფო გადატრიალებამდე, რეალურად, ნახევარი ნაბიჯია.



სისხლის ღვრამდე ნახევარი ნაბიჯი იყო ხავერდოვან 2003 წელსაც, მაგრამ მომავალმა პრეზიდენტმა მაშინ წითელი ვარდი დაიჭირა და მაშინდელი პრეზიდენტის ჩაი “ზალპამ” მოსვა.

დღეს ერთმანეთს ადარებენ ყოფილ და დღევანდელ უმაღლეს მმართველებს, ამბობენ, რომ, პირველი მათგანი ბრძენთა ბრძენი გამოდგა, სისხლი რომ არ დაღვარა და უმტკივნეულოდ გაგვეცალა... მთავარი მაინც ისაა, რომ, ყოფილი პრეზიდენტი თავადაც ხვდებოდა - ვერ ვითარდებოდა მისი მმართველობის დროს ქვეყანა.

დღევანდელ პრეზიდენტს, წინამორბედისგან განსხვავებით, ჩანს, თავკერძობა მოსძალებია, რადგან მართლაც სჯერა - მხოლოდ თავადაა ქვეყნის გადამრჩენი და მისი ოპონენტები, ყველანი ერთად და ცალ-ცალკე, მტრები, მოღალატეები, დაუნახავები, ქაჯები და მდაბიოები არიან.

სწორედ უმაღლეს მმართველთა დამოკიდებულება საკითხებისადმი ზრდის და ამცირებს ხავერდოვანი რევოლუციიდან სისხლის ღვრამდე ნახსენები ნახევარი ნაბიჯის გადადგმის ალბათობას... სწორედ ამიტომაა პიროვნების როლი უმეტესად გადამწყვეტი იმგვარ ვითარებებში, როგორშიც, კიდევ ერთხელ და სავალალოდ, კვლავაც აღმოვჩნდით.

რასაკვირველია, პროცესებისადმი დამოკიდებულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია პიროვნებათა (ამ შემთხვევაში პრეზიდენტთა) ბიოლოგიური ასაკი, სხვა თანამდებობების პირთა ერთგულება მათ მიმართ და იდეისადმი, გარე სამყაროს დამოკიდებულება მოვლენებისადმი, ოპონენტთა მზაობა, აიღონ ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა... სხვა ფაქტორები, მაგრამ, უმთავრესი მაინც პიროვნებაა, ინდივიდია, ამ შემთხვევაში უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც გადამწყვეტი როლი ეკისრება ამგვარ პროცესებში.

ამავე კონტექსტში, ახლაღა ვხვდებით, რომ, იმ, 2003 წლის ხავერდოვნად რევოლუციის “თანაავტორი” (მხოლოდ არა იმ გაგებით, რომ ამბობენ, “შეკრულები” იყვნენ რევოლუციონერები და შევარდნაძეო), სწორედ შევარდნაძე იყო და სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი იმ პროცესებში. (იქნებ სწორედ ამიტომ თქვა მომავალმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 ნოემბრის გაზეთ “24 საათისთვის” მიცემულ მოკლე კომენტარში: “შევარდნაძე მაგარი კაცია”). შევარდნაძის პიროვნულმა გადაწყვეტილებამ, წასულიყო სახლში მეუღლესთან და არა იმ ადამიანებთან, რომლებიც ტანკების გამოყვანისკენ მოუწოდებდნენ, განაპირობა პროცესების უსისხლოდ დაასრულება. შედეგად, შევარდნაძემ მიიღო სახელმწიფოებრივი ინდულგენცია, ხოლო სახელმწიფოს შერჩა განვითარების პერსპექტივა.

რთული სათქმელია, მაგრამ, მაინც ვიტყვით, შევარდნაძის სწორედ იმ ერთმა პიროვნულმა ნაბიჯმა გადასწონა მისი შეცოდებანი ზოგადად ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონკრეტული ადამიანების მიმართ.


***

მოსაზრება, რომ საზოგადოებას შეეძლო მოეთმინა 2003 წელს და ყოფილი რეჟიმი სწორედ არჩევნებით გაგვესტუმრებინა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ლეგიტიმურია... თუმცა, არანაკლებ ლეგიტიმურია მეორე აზრი - სტატიური ყოფილი პრეზიდენტისთვის სწორედ მისი სტატიურობა არ უნდა შეგვერჩინა და კანცელარიიდან თუნდაც კრწანისში დაუსჯელად უნდა გაგვესტუმრებინა. ლეგიტიმურია ჩვენი დღევანდელი მოუთმენლობაც – დინამიური სააკაშვილის დინამიკაში დაშვებული შეცდომების ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ, კითხვა: “აქვს თუ არა ქვეყანას განვითარების პერსპექტივა მისი მმართველობის პირობებში”, აქტუალურია.

***

სწორედ ყოფილი პრეზიდენტის მართვის მეტად სტატიურმა და დღევანდელი პრეზიდენტის მართვის ძლიერ დინამიურმა სტილმა, აგრეთვე, ორივე მათგანის მიერ მართვის დროს დაშვებულმა გამოუსწორებელმა შეცდომებმა, დღის წესრიგში დასვა ქვეყნის კონსტიტუციური წყობის შეცვლის საკითხი.

პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ვისაც არ ეზარება, თითქმის ყველა საუბრობს, რომ, სააკაშვილის წასვლის (დათვის მოკვლის) შემდეგ, უნდა მოხდეს ქვეყნის ან საპარლამენტო რესპუბლიკად ან კონსტიტუციურ მონარქიად ტრანსფორმაცია.

საინტერესოა, რომ, ამ თემაზე ერთ ხმაში მსჯელობენ რესპუბლიკელები და ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები და დემოკრატები, ქრისტიან-დემოკრატები და კონსერვატორები... ტრადიციონალისტები, ლიბერალები...

საყურადღებოა, რომ, ქვეყნის წყობის შეცვლაზე არ, ან ძალიან ცოტას საუბრობენ მხოლოდ ისინი, რომლებსაც ამ წყობაში უმაღლეს ხელისუფალად დარჩენის ან მოსვლის რეალური შანსი აქვთ - არც სააკაშვილი და არც ბურჯანაძე ამ საკითხზე არაფერს ამბობენ, ხოლო ალასანია ღიად აცხადებს, რომ თავად საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრეა, თუმცა, საბოლოოდ, მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელ მოდელს აირჩევენ.

იმისათვის, რომ ამა თუ იმ მოდელის უპირატესობაზე ვისაუბროთ, თავად “დემოსს”, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ პრაქტიკულად სრული ინფორმაცია ამ საკითხებზე. საზოგადოებას, მათ შორის კონსტიტუციური მონარქიის მომხრეთაგან უნდა განემარტოს, რომ, ამ ეტაპზე ამ მოდელის შემოღება, სხვა თუ არაფერი, შეუძლებელია, რადგან რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ მის განუმეორებლობაზე, საქართველოში უახლეს 16-20 წელიწადში ეს წყობა უბრალო მიზეზის გამო ვერ დაინერგება – ზრდასრული (ჯერ დაბადებულიც კი) მონარქი არ გვყავს... ხოლო ამ იდეის ავტორი, სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია და პირადად პატრიარქი, მის ხორცშესხმას სწორედ მაშინ აპირებდა, როდესაც მონარქი ჯერ დაიბადებოდა, შემდგომ ეკლესიის წიაღში აღიზრდებოდა და ბოლოს კი, ზრდასრულ ასაკში, ამგვარი მოდელის სახელმწიფოს თავკაცობას იკისრებდა.

თუ მონარქზე საუბარიც კი უტოპიურია, ნაკლოვანია მეორე მოდელი - საპარლამენტო რესპუბლიკაც.

ამგვარი მოდელი მართვის ჰორიზონტალური სტილით გამოირჩევა. ნომინალური პრეზიდენტი და ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფალი - პრემიერი, ძლიერი საპარლამენტო კონტროლით, ამ მოდელს საპრეზიდენტოსაგან მნიშვნელოვნად გამოარჩევს. თუმცა, თუ, პირობითად 2029 წლისთვის (ანუ პერიოდისთვის, როდესაც მონარქი დაბადებულიც იქნება, აღზრდილიც და დაღვინებულიც), ქვეყანაში კვლავ უნდა განვიხილოთ ქვეყნის წყობის საკითხი, უმჯობესი იქნებოდა, საპრეზიდენტო მმართველობა, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, სწორედ ამ პერიოდამდე დაგვეტოვებინა.

საპარლამენტო მოდელის მოწინააღმდეგეთა მეორე და უმთავრესი არგუმენტი მაინც სხვაა - ფაქტია, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, საპარლამენტო მოდელის ქვეყნების აღმასრულებელ ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვებული პარტიები ერთპიროვნულად ან კოალიციურად აკომპლექტებენ. ეს კი, იმგვარი გეოსტრატეგიული მდებარეობის ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, შეიძლება, წამგებიანიც იყოს – საკანონმდებლო თუ სამთავრობო კრიზისების ალბათობა მეტად გაიზრდება, რაც, თავისთავად შეანელებს სახელმწიფოს პროგრესის ტემპებს. (სახელმწიფოს პროგრესში არ იგულისხმება შეღებილი ფასადები, აშენებული და დაუსრულებელი საავადმყოფოები და ქარხნებისთვის შეწერილი ყურძენი... ანუ, პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ერთპიროვნულად იღებდა დღევანდელი ძალაუფალი).

გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ, საპარლამენტო მმართველობის პრემიერი მართვის დროს იმგვარივე შეცდომებით გამოირჩეს, როგორებითაც გამოირჩევა საპრეზიდენტო მმართველობის პრეზიდენტი, რაც, რასაკვირველია, პარლამენტისა თუ საზოგადოების მხრიდან, მეტად დასჯადი იქნება, ვიდრე საპრეზიდენტო მმართველობის დროსაა, მაგრამ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ერთი და იმავე ადამიანს პრემიერად მეორედ, მესამედ და მეოცედაც შეუძლია მუშაობა პრეზიდენტისაგან განსხვავებით, რომელიც, დღევანდელი კონსტიტუციის თანახმად, მაქსიმუმ ორჯერ შეიძლება იყოს არჩეული (უცებ რომ წარმოვიდგინოთ – სააკაშვილი არის პრემიერი და არა პრეზიდენტი... მისი განტავისუფლების შემდეგ მას პრემიერად მობრუნება შეუძლია მომავალი საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე).

ამდენად, თუ მართვის სტილი არ შეიცვალა, გამომდინარე პიროვნების როლიდან პროცესებში, გამორიცხული არ არის, რომ, საპარლამენტო პრემიერი არანაკლებ დიდი თავსატეხი იყოს ქვეყნისთვის, ვიდრე საპრეზიდენტო მოდელის პრეზიდენტია.

***

თუ გულრწფელები ვიქნებით, ჩვენ რეალურად ვიბრძვით (უნდა ვიბრძოდეთ) არა მხოლოდ საპრეზიდენტო იმგვარი მოდელის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენშია დანერგილი (თავისთავად, საპრეზიდენტო ქვეყნის ეს მოდელიც არადემოკრატიული, დაუბალანსებელი და ავტოკრატულია), არამედ, პირველ რიგში, იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც ეს მოდელი დანერგა, კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო, დაუსჯელობის სინდრომი გააჩინა და განუსაზღვრელ ძალაუფალად იქცა.

მეტიც, თუ უფრო განვაზოგადებთ, ჩვენ ვებრძვით (უნდა ვებრძოდეთ) არა მხოლოდ ამ პირს, რომელმაც ეს არადემოკრატიული მოდელი შექმნა, არამედ უპირველესად, მართვის იმგვარ სტილსა თუ მეთოდს, რომელიც ამ პირმა ამ პირობებში დანერგა. თუ ეს ასეა, უნდა ვაღიაროთ, რომ, დემოკრატიული საპრეზიდენტო მმართველობა, თავისთავად, ცუდი ნამდვილად არ არის. ხოლო ცუდი, მიუღებელი, არადემოკრატიული და ტირანიასთან ტოლობის ნიშნიანი მხოლოდ ის მმართველობაა, რომელიც დღეს არსებობს და რომლის ავტორიც დღევანდელი ხელისუფალია. ანუ, ცუდია სააკაშვილის პრეზიდენტობა და მართვის სტილი და არა ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტი.

ამგვარი აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად არ ვიმსჯელოთ, რომელი მოდელი სჯობს სამომავლოდ – საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო, არ განვიხილოთ მათ შორის კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის პერსპექტივებიც, მაგრამ, რამდენადაც დღევანდელობის პრობლემა, არა საპრეზიდენტო დემოკრატიულ არამედ საპრეზიდენტო ტირანულ მმართველობაშია, ამგვარი ძირეული საკითხების მყისიერად და სპონტანურად გადაწყვეტაზე უარი, ალბათ, ამთავითვე უნდა ვთქვათ.

უარსათქმელია ამ საკითხების ინიცირება იმიტომაც, რომ, უმრავლესობა ჩვენგანი დღეს ითხოვს რიგგარეშე საპრეზიდენტო მმართველობას – თუ წარმოვიდგენთ, რომ, სააკაშვილი მართლაც გადადგა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, იმ პატიოსან, წესიერ, ხალხისაგან მხარდაჭერილ ახალ მმართველს, ჩვენ ამთავითვე ჩავაგდებთ ერთგვარ უხერხულ ვითარებაში, როდესაც მოვთხოვთ სახელმწიფო მოდელის მყისიერად შეცვლას, ანუ გადადგომას და თუ ამას არ შეასრულებს, კიდევ ერთხელ და ამჯერად უმიზეზოდ თუ უარგუმენტოდ დავატრიალებთ ბედის ბორბალს ამჯერად მის თავზე.

***
ვითარებაში, რომელშიც ჩვენ კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით, პიროვნების როლი მნიშვნელოვანი და იქნებ გადამწყვეტიცაა – 2003 წელს ჩვენ ერთად გავიარეთ ბეწვის ხიდზე და სახელმწიფო, დღეს რომ მოდაშია იმ სიტყვას ვიხმარ, არ ჩამოგვეშალა.

კიდევ ერთი ბეწვის ხიდის, უფრო ვიწრო ხიდის კონტურები უკვე გამოსახულია... მალე ყველა ერთად დავადგებით ამ ხიდის გზას. პიროვნებებს შეუძლიათ ამ გზის გაფართოვება, მათ შორის მასაც, ვის წინააღმდეგაც ახლა დავრაზმულვართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანს ტკბილი, უზრუნველი ახალგაზრდობისა თუ სიბერის მხოლოდ კრწანისული პერსპექტივა უნდა დავუტოვოთ... პირიქით, თუ ადეკვატური იქნა, თანამედროვე დედამიწა იმდენად დაპატარავდა, რომელიმე დასავლურ უნივერსიტეტამდე ჩაღწევა მისთვის გაცილებით იოლი იქნება, ვიდრე რუსთავამდე დახურული მანქანით მგზავრობა, მით უფრო ქალაქში მომრავლებული საცობების გათვალისწინებით...

არც ჩვენ ვისურვებდით მისთვის ამ უკანასკნელ სვეს, რადგან ზოგადად არ არის სასიამოვნო, როდესაც ქვეყნის თუნდაც ექსმმართველი ბორკილდადებული ტუსაღია... და ბოლოს, კიდევ ერთხელ - უმაღლეს მმართველთა დამოკიდებულება საკითხებისადმი ზრდის და ამცირებს ხავერდოვანი რევოლუციიდან სისხლის ღვრამდე ნახევარი ნაბიჯის გადადგმის ალბათობას...

1 Kommentar:

  1. სურათი და თემაა ძალიან მაგარი, სტატიაც... დანარჩენს პირადად გეტყვი.

    AntwortenLöschen

ABOUT TABLO

ჟურნალისტი, მედია-ექსპერტი,