20.05.2009

დასავლეთის პოზიცია

ვთქვათ საფუძვლად - საქართველოში ხელისუფლება იცვლება მაშინ, როდესაც ერთის მხრივ საქართველოს საზოგადოების "კრიტიკული უმცირესობა" (ან უბრალო უმრავლესობა) და მეორეს მხრივ კი უმრავლეს შემთხვევაში დასავლეთი (ან დასავლეთი რუსეთთან ერთად) ერთდროულად გადაწყვეტენ, რომ ხელისუფლება შესაცვლელია.

ასე იყო პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის ან წასვლის შემთხვევაში; ასე იყო მაშინაც, როდესაც მეორე პრეზიდენტი - ედუარდ შევარდნაძე მოგვევლინა "მხსნელად" და შემდეგ კრწანისში - სახლში გაბრუნდა... ასე იქნება ახლაც, 2009, 2010... თუ 2013 წელს, ანუ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაასრულებს საკუთარ საპრეზიდენტო კარიერას.
საზოგადოებისა და დასავლეთის პოზიციების თანხვედრა აუცილებელი ფაქტორია ხელისუფლების შეცვლისთვის - მარტო საზოგადოების მოთხოვნა რომ ყოფილიყო საკმარისი, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სხვაგვარი იქნებოდა - "დამარცხებული" ლევან გაჩეჩილაძე მეორე ტურშიც გააღწევდა და იქაც ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა „გამარჯვებულ“ მიხეილ სააკაშვილს.
მაშინ, 2008 წლის იანვარში, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი საკმარისად დევალვირებული, რეპუტაციაშელახული და "გაფარჩაკებული" იყო იმავე დასავლეთის თვალში თუნდაც 2007 წლის ნოემბრის მოვლენების გამო, დღის წესრიგში არც დამდგარა მისი და მისი რეჟიმის შეცვლის საკითხი... და ამის მიზეზი, უპირველესად ისაა, რომ დასავლეთმა ესოდენ სტრატეგიული მდებარეობის ქვეყნის ლიდერად ვერ აღიქვა, ვერ წარმოიდგინა სააკაშვილის მაშინდელი მთავარი ოპონენტი ლევან გაჩეჩილაძე, უდავოდ სახალხო ლიდერი, მაგრამ... არა პოლიტიკოსი.
ამიტომაც ასწრებდნენ ერთმანეთს დასავლეთის სადამკვირებლო მისიები დასკვნებსა და შეფასებებს, რომ სააკაშვილმა მიიღო 53 პროცენტი, ხოლო მისმა ოპონენტმა "სულ რაღაც - 25".

დასავლეთმა ქართულ საზოგადოებას მაშინ პრაქტიკულად ღიად უკარნახა - შეარჩიეთ იმგვარი ლიდერი, იმგვარი ახალი პოლიტიკური კლასი, იმგვარი სტრატეგია და ტაქტიკა, იმგვარი რიტორიკა, რომელიც სააკაშვილზე უკეთ უზრუნველყოფს ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს - სტაბილურობას ესოდენ მნიშვნელოვან რეგიონში და ჩვენ განვიხილავთ "რეჟიმის შეცვლის" საკითხს. ხოლო სააკაშვილს მიანიშნა, რომ მხოლოდ იმიტომ ხუჭავდა თვალს მის შეცოდებებზე დემოკრატიისა და მისივე სამშობლოს წინაშე, რომ ოპონენტები ჯერ არ იყვნენ სათანადოდ მზად ამ ქვეყნის მართვისთვის.
დასავლეთი მაშინ შეცდა ... აგვისტოს მოვლენებმა ცხადყო, რომ სააკაშვილზე უკეთ სტაბილურობას ამ ქვეყანაში უზრუნველყოფდა ნებისმიერი სხვა, ყველაზე "მიუღებელი" და არასერიოზულად აღქმადი ლიდერიც კი. სააკაშვილზე უკეთ ამ ქვეყანას მართავდა ნებისმიერი არაპოლიტიკოსიც ...

ჩანს, დასავლეთი ცდება ახლაც... ალბათობა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თანამდებობას ამჯერადაც შეინარჩუნებს, საკმაოდ დიდია... თუმცა, ასევე დიდია ალბათობა, რომ თანამდებობაშენარჩუნებული სააკაშვილი იმგვარივე შეცდომას დაუშვებს, როგორიც დაუშვა 2008 წლის აგვისტოში. მეტიც, ძალზე დიდია ალბათობა, რომ სააკაშვილის მომავალი შესაძლო შეცდომა გაცილებით დამღუპველი იქნება ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, ვიდრე იყო 2008 წლის აგვისტო.

თუმცა, დასავლეთის მსგავსად, დასავლეთის პარალელურად, ჩანს, ცდება ქართული საზოგადოებაც...უფრო ზუსტად, მხედველობაში არ იღებს იმ, პრაქტიკულად ღია რეკომენდაციებს, რომლებიც დასავლეთმა გასულ წელს მისთვის "გაიმეტა". კერძოდ, იმისთვის, რომ იმავე დასავლეთის ხედვა საკითხისადმი მკვეთრად შეიცვალოს ან, ვთქვათ ასე - იმისთვის, რომ დასავლეთისა და საქართველოს საზოგადოების პოზიციები რეჟიმის შეცვლის მიმართ დაახლოვდეს, პირველ რიგში აუცილებელია:

1. სააკაშვილის საპირწონის, ოპოზიციის საერთო ლიდერის გამოკვეთა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ლიდერი ერთის მხრივ უნდა იყოს მკვეთრი მედასავლეთე; იყოს რეიტინგული თავად ქართულ საზოგადოებაში; შეძლებისდაგვარად შეულახავი რეპუტაციის და, რაც მთავარია, უნდა იყოს აღქმული დასავლეთის მხრიდან, როგორც სააკაშვილზე სტაბილური და ამასთან რეფორმატორი პოლიტიკოსი.

ამგვარი ლიდერის მოთხოვნებს ოპოზიციურ სპექტრში ბევრი ვერ აკმაყოფილებს - არ ჩამოვთვლი, მაგრამ ლიდერთა აბსოლუტური უმრავლესობა ნაკლიანია.

2. ოპოზიციის რიტორიკაში მეტი კონსტრუქციულობა და არა რადიკალიზმი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს სააკაშვილთან შემდგარი დიალოგების წარუმატებლად დასრულების მწარე გამოცდილებები და სააკაშვილის რეჟიმი ყოველდღიურად არღვევს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებს, ანუ, იბრძვის წესების გარეშე, დასავლეთი მხარს მაინც მათ დაუჭერს, ვინც მაგიდასთან ასაბუთებს მისი წასვლის აუცილებლობას და არა რკინიგზას კეტავს ან ავტომაგისტრალს აჩერებს.

3. თავად ოპოზიციის ფილტრაცია
ოპოზიციის ერთიანობა გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა აუცილებელიც იყო, მაგრამ ახლა, ჩემი თვალთახედვით, აუცილებელია მედასავლეთე ოპოზიციის გამოკვეთა და მათი მხრიდან გამიჯვნა იმ პერსონებისაგან, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების საელჩოების პიკეტირებას აწყობდნენ ან რუსეთის მიმართ პირფერული რიტორიკით გამოირჩეოდნენ ან საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს თუნდაც "სამართლიანად" უწოდებდნენ არაინფორმირებულ ადამიანებს და ა.შ.
გარდა ამისა, ეს გამიჯვნა აუცილებელია იმისთვისაც, რომ დასავლეთმა დაინახოს - საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ მესამე ძალად ჩამოყალიბება და პირდაპირ ვთქვათ - სააკაშვილის და ბურჯანაძის მსგავსი ადამიანებისაგან დისტანცირება.

მხოლოდ ამ შემთხვევაში დაემთხვევა საქართველოს საზოგადოებისა და დასავლეთის პოზიციები ერთმანეთს და მხოლოდ ეს თანხვედრა განაპირობებს სააკაშვილის წასვლას ხელისუფლებიდან... სხვა ნებისმიერი გზა, თამაშის წესების დაუდგენლად თამაში, რადიკალიზაცია და ხელოვნური ერთობა დასავლეთისთვის მიუღებელ თუნდაც რეიტინგულ ფიგურებთან, მხოლოდ დროში ავადებს სააკაშვილის რეჟიმის გარდაცვალებას.

16.05.2009

ბურჯანაძის მარგინალიზაციის სურვილი და სააკაშვილის წასვლის აუცილებლობა

დრო გადის ... საქართველოში, ჩვენს სამშობლოში, ვითარება არ იცვლება. არც პრეზიდენტი სააკაშვილი ტოვებს თანამდებობას და არც ოპოზიცია – ქუჩებს და საკნებს.
ყოველდღიურობად იქცა ამგვარი რუსთაველის გამზირი.
საპროტესტო ელექტორატის ყოველდღიურობად – პროტესტი ამგვარ რუსთაველზე.
იყო დრო, ისინი ერთად იყვნენ, ახლა "მტრები" არიან... მაგრამ, მაგრამ ორივე ერთ ვექტორზე, ერთ ტოტზე ზის.... ისინი ძაბავენ ვითარებას და ანგრევენ სახელმწიფოს ერთად!




რატომ?

რატომ უნდა გადადგეს სააკაშვილი? ან რატომ უნდა დარჩეს 2013 წლამდე?
ვეჭვობ, არც ოპოზიციის დიდ ნაწილს და არც ხელისუფლების მომხრეებს აქვთ სრულყოფილი პასუხი ამ კითხვებზე.
ერთნი მხოლოდ საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრობენ; მეორენი – სისტემათა რეორგანიზაციაზე; მესამენი - პიროვნება სააკაშვილს უკავშირებენ ყველა უბედურებას ... სააკაშვილის მომხრეებს კი რუსეთი, მასთან მოგებული ომი თუ წაგებული ბრძოლა აკერიათ პირზე.
რეალურად, სიმართლეს სხვაგან დაუსადგურებია - იქ, სადაც ხელისუფალის ოპონენტები ვერ, ხოლო მომხრეები არ იცქირებიან.

მარტივია - სააკაშვილი უნდა გადადგეს იმიტომ, რომ მას, “უკეთილშობილეს” “უძლიერეს”, “უსათნოეს”, “უმამაცესსა” და “უნიჭიერესს”, ქვეყნის მმართველ ხუთეულთან ერთად, ქვეყნის უკეთ მართვის უნარი და შესაძლებლობა არ აქვს.
სააკაშვილი უნდა გადადგეს და არც პრემიერად, არც მონარქად და არც პარლამენტის მიერ არჩეულ-დანიშნულ პრეზიდენტად, ანუ ზოგადად პირველ თუ მეორე პირად არ უნდა მოგვევლინოს იმიტომ, რომ როგორც კი მას და მისთანებს მართვის ბერკეტს უვარდებათ ხელში, ყველაზე კარგი კონსტიტუცია, ყველაზე კარგი კანონი, ინსტიტუცია მყისვე ინგრევა, უფასურდება და ფერხთქვეშ ითელება.
მყისვე იწყება სპონტანური ომი და სპონტანურადვე ჩერდება; მყისვე იღებება ფასადი და მერე გადაიღებება; მყისვე ტრიალდება სამთავრობო კარუსელები; მყისვე იღუპებიან ტრაგიკულად პრემიერები და მედია მაგნატები; მყისვე არ ტარდება სასამართლო რეფორმა; მყისვე კონტროლდება მედია; მყისვე ჩნდება ახალი განმუხურები და მუხროვანები...
სააკაშვილი უნდა გადადგეს იმიტომ, რომ ზოგადად ადამიანის, კონკრეტულად კი პრეზიდენტის თავში ათასპარასკევობა ცუდია.
სააკაშვილი უნდა გადადგეს იმიტომ, რომ, მისი მმართველობის პირობებში გადაწყვეტილებების მიღების იმგვარი მექანიზმები მოქმედებს, რომელიც ჰამლეტისეულ კითხვას ყოფნა არყოფნის თაობაზე იმ ადამიანებშიც ბადებს, შექსპირთან მწყრალად რომ არიან.
სააკაშვილი უნდა გადადგეს იმიტომ, რომ ურესურსოა და მისი ხელისუფლებაში დარჩენის ყოველი დღე საზოგადოებას ხლეჩს და თიშავს.
ხოლო გახლეჩილი, გათიშული, გათითოკაცებული საზოგადოება მომავალს ვერ შექმნის, ისედაც მყიფე სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს.


ვინ?

მიუხედავად შეურიგებელი, კრიტიკული დამოკიდებულებისა პრეზიდენტისა და მისი გუნდის თუ მართვის სტილის მიმართ, კითხვა – ვინ უნდა გადააყენოს პრეზიდენტი, ან ვთქვათ ასე: ვინ მოდის ამ და ამგვარი პრეზიდენტის ნაცვლად, მეორეხარისხოვანი როდია.
ამ თვენახევრის განმავლობაში, რაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ნამდვილი ოპოზიციის ასივე პროცენტი ქუჩაშია, ამ კითხვაზე პასუხი უფრო აქტუალური გახდა.
ჩვენს თვალწინ ფსევდო კათარზისი განიცადეს ადამიანებმა, რომლებმაც ამგვარი სააკაშვილის შექმნაში ლომის წილი დაიდეს... და მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს ჭეშმარიტებას შესაძლოა მართლაც ღაღადებენ, ლეგიტიმურია ეჭვი - ისინი ფარისეველნი არიან.
ამ ფარისეველთა შორის გამორჩეულ ადგილს რამდენიმე ადამიანს მივაკუთვნებთ – ადამიანებს, რომლებიც ყველაზე რადიკალებად, რომის პაპზე მეტ კათოლიკეებად გარდაქმნილან, ბოდიშებიც უხვად მოუხდიათ, ამ ბოდიშებით ერთგვარი ინდულგენციაც მიუღიათ საზოგადოებაში, მაგრამ, ობიექტურად იმგვარივე ადამიანებად დარჩენილან, როგორებიც ყოველთვის იყვნენ.
გულრწფელად ვამბობ – სააკაშვილის ისტორიის თუ პოლიტიკის სანაგვეზე მოსროლისთვის ბრძოლა, თუ მომსროლთა შორის პირველი ვიოლინო ნინო ბურჯანაძეა, ხოლო მეორე - რეპუტაციაშელახული რამდენიმე, ალბათ ათეული ადამიანი... საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის რთული გადასაწყვეტია.
არა, ეს ბზარს არ აჩენს ხელისუფალის ოპონენტთა ხმასა და რიტორიკაში, რომ სახელმწიფოებრიობის დამქცევი სააკაშვილი ძალაუფლებიდან გასასტუმრებელია, მაგრამ, გავმეორდებით და ვიტყვით, გულს კი წყვეტს, სკეფსისს კი უათმაგებს ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს, რომ, გამსტუმრებელთა ავანგარდში ლარიანი აგარაკის მიმღები და 7 ნოემბრის გამმართლებელია. ეს სკეფსისი საზოგადოების რაოდენობრივად და ხარისხობრივად მნიშვნელოვან ნაწილს სახლებში, სამზარეულოებში ჯდომისკენ უბიძგებს და პროტესტს უნავლებს.
საზოგადოების ამ ნაწილის მინავლებული პროტესტი ძალზე საფრთხილოა... თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც “ახალი რევოლუციის” სათავეებთან დგანან, რევოლუციის მოხდენის შემთხვევაში, მის ნაყოფს, ანუ ძალაუფლებას კვლავ მიეძალებიან... რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ, დაახლოებით იმგვარივე შეცდომებს დაუშვებენ, როგორებსაც უშვებდნენ ადრე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს.


როგორ?

ბუნებრივია, ქვეყნის დამაქცევარი ხელისუფალის ისტორიის სანაგვეზე მოსროლას, ფინანსები სჭირდება... და როდესაც კეთილშობილური მიზნების მიღწევაში დამოუკიდებელი ბიზნესი არ ან ვერ გეხმარება, დროებით ზავს იმ ადამიანებთან აფორმებ, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფინანსები უხვად დააგროვეს.
თუმცა, შედარებით წესიერი ადამიანების ნახსენებ პოლიტიკოსებთან ალიანსის მთავარი მოტივი, არა მხოლოდ ფინანსები და აუცილებელი ინექციებია – პრინციპი “ძალა ერეთობაშია” ოპოზიციის სტერეოტიპად და ერთგვარ საკანად გადაიქცა.
უსამართლოდ დაფნადადგმულებთან პარტნიორობას ხიბლი, გუშინ, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა (მიუხედავად იმისა, რომ, ამ ნაბიჯით დაიკარგა პოტენციურ მომხრეთა ზემოთნახსენები ნაწილი, ანუ საზოგადოება, ახლა სამზარეულოებში რომ შეყუჟულა), მაგრამ დღეს, როდესაც ნათლად იკვეთება, რომ, ეს ადამიანები სააკაშვილზე ვენდეტის სურვილს უფრო შეუპყრია, ვიდრე ქვეყნის კრიზისიდან გამოსავალზე ფიქრს, უმჯობესი იქნებოდა, ოპოზიციის ნაწილს მათთვის ხმამაღლა ეთქვა - არა!
დიახ, საზოგადოების აქტიურ ნაწილს და ოპოზიციის წესიერ ფრთას ჰქონდა უფლება (რაც გამოიყენა კიდეც) და ეთქვა, რომ, იმავე ნინო ბურჯანაძეს ჰპატიობს 7 ნოემბრის “გამართლებას” , მაგრამ, დღეს, როდესაც წარსულისთვის ინდულგენციამიღებულები იმაზე უარესს შეცდომას სჩადიან, ვიდრე წარსულში ჩაიდინეს, ოპოზიციური ფრთაც და საზოგადოებაც მათკენ ზურგით უნდა მოტრიალდეს და ეცადოს ისინი სააკაშვილთან ერთად გაისტუმროს ისტორიის სანაგვეზე.
ამ ნაბიჯის აუცილებლობის დასაბუთება იოლია - ამ ადამიანების ქმედებები, აქტივობების ნაირგვარობა ხელს არათუ არ უწყობს სააკაშვილის წასვლის მიზანს, არამედ, რეალურად ახანგრძლივებს სააკაშვილის რეჟიმს.
მაგალითად, სწორედ ნინო ბურჯანაძეა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან პიკეტის, სირცხვილის დერეფნების და სირცხვილის დაფების მოწყობის ინიციატორი. გარდა იმისა, რომ ეს ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანისგან, რომელსაც ტელეკომპანია “იმედის” ეთერის მაკრატლით გადაჭრა ეწადა, ეს მცდარი, გაუთვლელი პოლიტიკური ნაბიჯიცაა, რომელიც სააკაშვილს, მედიის მთავარ ჩამხშობს, უფლებას აძლევს თქვას, რომ დაიცავს ჟურნალისტებს ამგვარი აქციებისაგან, ხოლო ჟურნალისტებს, რომლებთაც დაავიწყდათ სიტყვის თავისუფლების შემლახავი სააკაშვილის წარსული, სწორედ ნინო ბურჯანაძის საწინააღმდეგოდ და სააკაშვილის მომხრედ მომართავს.
პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ, ძალზე ბევრი სიუჟეტი, აქცენტი, ვექტორი მართლაც მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან, პოლიტიკოსებს, მით უფრო იმგვარად “გამოცდილებს” როგორიც ქალბატონი ბურჯანაძეა, უნდა ჰყოფნიდეთ ჭკუა და ჰქონდეთ უნარი, ტკბილი სიტყვით, წიგნიერებისა და ინფორმირებულობის შეტანით შეცვალონ ჟურნალისტთა მუშაობის სტილი... დაუყვავონ მათ, კი არ შეარცხვინონ და გაკიცხონ, არამედ, მათი ღირსება დაიცვან და უთხრან, რომ, მიუხედავად მათი მცდარი მოსაზრებებისა, ისინი თანამონაწილეები იქნებიან ქვეყნის აღმშენებლობის პროცესისა.
სხვა გზა ვენდეტაზე, რევანშზე გადის... და თუ რევანშისტები განსაკუთრებული, ზნეობრივი გმირები არიან, ამას კიდევ შეეგუებოდა ადამიანი, მაგრამ, როდესაც რევანშისტი ნინო ბურჯანაძეა...

ამდენად, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, პოლიტიკოსების იმ ნაწილს, რომლებიც არც ზოგადად რევანშიზმს ემხრობიან და არც კონკრეტულად საკუთარი შვილის ტოლებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას, საზოგადოების ნაწილში ბეისბოლის “ბიტების” თუნდაც თავდაცვის მიზნით დარიგებას და ა.შ. ღიად უნდა მოვუწოდოთ – გაემიჯნეთ რევანშიზმსა და ამგვარ ქმედებებს ზოგადად და კონკრეტულად - დატოვეთ ქალბატონი ბურჯანაძე მარტო! დატოვეთ (თუ მიატოვეთ) ისე, როგორც ეს ნოღაიდელთან მიმართებაში გააკეთეთ, დატოვეთ წარსულისთვის და აწმყოსთვის, რადგან, თუ ავტორიტარი სააკაშვილის ნაცვლად ის მოირგებს ძალაუფლების მანტიას, ფიქრი ახალი რევოლუციის (გნებავთ, კონტრევოლუციის) მოწყობის შესახებ თქვენსავე თანამემამულეებს გაუათმაგდებათ!
ერთიანობის შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ, ვინაიდან ეს ერთიანობა თქვენი თავისუფლების დამტყვევებლად იქცა, ვინაიდან ამ ერთიანობას მხოლოდ ბურჯანაძის რეიტინგები მოაქვს და არა რეალური მიზანი...
ამ ერთიანობას ახლა უკვე მინუსი უფრო მეტი აქვს ვიდრე პლუსი... იმიტომ, რომ, ამგვარად ერთიან ოპოზიციას დასავლეთი მხარს არ უჭერს, ხოლო აგრესია, რომელიც თუნდაც სააკაშვილის მომხრეების წინააღმდეგ ბურჯანაძის ინიცირებით ვლინდება, თავდაცვის ინსტინქტს უათმაგებს მოწინააღმდეგეებს... ამ ქმედებებით - ბურჯანაძე, სააკაშვილის მსგავსად, ანგრევს ამ სახელმწიფოს... ამ, ისედაც მყიფე სახელმწიფოებრიობას! ამ აგრესიით ბურჯანაძე თამაშობს სააკაშვილის თამაშს და ლახავს დემოკრატიული ოპოზიციის იმიჯს როგორც საქართველოში ისე დასავლეთში. ამ აგრესიით ბურჯანაძე მინიმუმ უნებურად თამაშობს რუსეთის თამაშს, ანუ თამაშს, რომელსაც, სააკაშვილი დიდი ხანია ნებით თამაშობს.


მესიჯები

ისე აეწყო, რომ სტატიის ძირითადი ნაწილი ქალბატონ ბურჯანაძეს დაეთმო, რაც იმთავითვე მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენდა.
მთავარი აქტორს – სააკაშვილს, უფრო კი მისი ძალაუფლებიდან ჩამოცილების გზებს უნდა მივუბრუნდეთ.
სააკაშვილის ძალაუფლებიდან ჩამოცილება იოლი როდია, მაგრამ, შესაძლებელია, თუ საზოგადოებისა და ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის გზა დღევანდელზე ზნეობრივი იქნება...
გარდა ზნეობისა, ალბათ უკვე დადგა დრო, კონკრეტული პერსონალიებიც დაასახელოს ოპოზიციამ იმ მნიშვნელოვან რამდენიმე პოსტზე, რომლის პოტენციურ დამკავებელთა ვინაობაც საზოგადოებას არჩევანის გაკეთებას გაუიოლებს.
მაგალითად, უმჯობესია საზოგადოებამ ამთავითვე იცოდეს, ვინ იქნება ბურჯანაძისა და კიდევ რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტისაგან გათავისუფლებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი? ვინ იქნება არჩევითი მერობის კანდიდატი? მთავრობის პოტენციური თავმჯდომარე? პარლამენტის სპიკიერი? საგარეო მინისტრი?
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ნათლად გაიგოს, რომ, სააკაშვილის წასვლის შემდეგ, კონსტიტუციაში მართლაც შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები და საპრეზიდენტო ინსტიტუტი დაბალანსდება.
ეს მესიჯები ამთავითვეა მისაწოდებელი მოსახლეობისთვის. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მთავარი მესიჯი – დრო, ვადები, როდის და როგორ ვუშვებთ სააკაშვილს ხელისუფლებიდან.
ამ მიმართებით, არათუ უარსაყოფი, პირიქით გასაათმაგებელია საპროტესტო აქციების მიმართულება, თუმცა, ოპოზიციამ სხვა ტაქტიკასაც უნდა მიმართოს. კერძოდ, გაცილებით ეფექტიანადაა გამოსაყენებელი ე.წ. დიალოგის (რომელსაც, სხვათა შორის, ყველაზე აქტიურად ნახსენები ბურჯანაძე ეწინააღმდეგება) რესურსი.
ვთქვათ ასე – ამგვარი ზეწოლის - ქუჩის აქციების პირობებში, უკვე დღეს მიღწევადი (ჟარგონულად – წამოსაღები) მიზნები ოპოზიციამ დღესვე უნდა წამოიღოს.
ეს მიკრო მიზნებია – საარჩევნო კომისიისა და კოდექსის ცვლილება;
შს მინისტრის პოსტიდან ივანე მერაბიშვილის გათავისუფლება;
ტელეიმედის მფლობელისთვის დაბრუნება;
მე-2 არხი და ახალი ბორდი და მენეჯმენტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე...
ძირითადი მოთხოვნის, პრეზიდენტის გადადგომის მოუხსნელად, ოპოზიციამ ეტაპ-ეტაპ უნდა დაათმობინოს ხელისუფლებას ის მექანიზმები, რომლებთან ერთადაც სააკაშვილი ძალზე ძლიერია...

06.04.2009

მომავალი ლიდერის ძიებაში

ამთავითვე ვიტყვი – მიმაჩნია, რომ, საქართველო ძლიერი საპრეზიდენტო მოდელის რესპუბლიკა უნდა იყოს.
ადრეც ვწერდი – ის, რომ, ორი ყოფილი და დღევანდლი თავკერძა პრეზიდენტიდან არც ერთმა არ გაამართლა, არ ნიშნავს, რომ, ზოგადად საპრეზიდენტო მოდელია ცუდი და არადემოკრატიული.
პირიქით – ჩემზე რომ იყოს, მილეთსა და საკუთარ თავს დავუმტკიცებდი, რომ, შეგვძლებია ნორმალური, “ქვების არმსროლია” ლიდერის, იმგვარი პირის შერჩევა, კითხვის ნიშნის ქვეშ ზოგადად ამ მოდელის ავკარგიანობას რომ არ დააყენებს.

დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს და მასში თუნდაც თავკერძა მონაწილეობდეს, დიდი ალბათობით, რომელიმე ოპოზიციონერი გაიმარჯვებდა.
მით უფრო გაიოლდებოდა ზოგადად ხელისუფლების დამარცხება ამ პირობებში – სააკაშვილს კონსტიტუციით აეკრძალებოდა მესამედ კენჭისყრა.
ოპოზიციონერებიდან გამოკვეთლი საპეზიდენტო კანდიდატი, ჯერჯერობით, სამი-ოთხია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ, სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში, მათი რაოდენობა არ გაიზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ, ზოგიერთმა საჯაროდ დააფიქსირა საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება თუ საპრეზიდენტო მოდელის და თუ საკუთარი კანდიდატურის მიმართ, საპრეზიდენტო კანდიდატთა სრულ სია მაინც ჩამოსათვლელია.


ირაკლი ალასანია
უდავოა, რომ, ეს ახალგაზრდა ლიდერი, სხვებთან შედაებით, მზარდი, “უცოდველი” და უტვირთოა. მისი მოღვაწეობა უშიშროების სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში, საგარეო სამინისტროში, აფხაზეთის მთავრობასა და გაეროში მხოლოდ ქებას იმსახურებს.
ფაქტია, რომ, ალასანიას აქვს არაჩვეულებრივი კავშირები დასავლეთში და მართვის, მენეჯმენტის ერთგვარად ჰორიზონტალური მეთოდი, რომელიც გადაწყვეტილებათა მიღებას დროში კი აჭიანურებს, მაგრამ, მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას, იმპლემენტაციას ერთი ორად აადვილებს.
ალასანიას მთავარი პლიუსი მოსმენის კულტურაა.
მთავარი მინუსი – ასაკი და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ, სავალალო გამოცდილებას ტოვებს მისი წინამორბედი – სააკაშვილიც 35 წლის იყო პრეზიდენტად რომ ვაკურთხეთ.
დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ალასანია, ალბათ, 35-40 %-ს აიღებდა.

ნინო ბურჯანაძე
რეიტინგებით ქალბატონი ბურჯანაძე მეორეც არაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მიიჩნევენ, რომ მას პრეზიდენტობის საკმაოდ დიდი შანსი აქვს.
ბურჯანაძე გამოცდილი და ფრთხილია... შეიძლება ზედმეტადაც... თუმცა, არა უშეცდომო. მას ედავებიან იმას, რაზეც დამაჯერებელი პასუხი აქვს (მაგალითად, რატომ არ გადადგა 7 ნოემბერს) და იმასაც, რაშიც აშკარად მოიკოჭლებს (მაგალითად ვინ აძალებდა თაბუკაშვილის ქუჩის სახლის დანგრევაზე იმგვარი კომენტარის გაკეთებას)... ბურჯანაძის მინუსი მისი წარსულია, პლიუსი – მართვის დიდხნიანი გამოცდილება.
ბურჯანაძე, ალასანიასი არ იყოს, უსმენს, მაგრამ, გადაწყვეტილებების მიღების დროს უფრო ხშირად ცდება.
დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ბურჯანაძე, ალბათ, 15-20%-ს აიღებდა.

შალვა ნათელაშვილი
უდავოა, რომ “ლეიბორისტი შალვა” პრეზიდენტი ვერ გახდება. ყველა ვხვდებით, ის კვლავ 7-10 პროცენტს დააგროვებს და მერე უკმაყოფილო დარჩება. მან მართვა არ იცის და ექსცენტრიულია, მაგრამ, მან იცის როგორ მოიგოს ამომრჩეველთა მხოლოდ ამ რაოდენობის გული.
თავადაც პროვინციიდან წამოსულის მხარდამჭერი სწორედ პროვინციაა და სწორედ ესაა მისი მინუსიც და პლიუსიც... მინუსი იმიტომ, რომ პროვინცია ამ სუბკულტურაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვაკე-ვერას უთმობს, პლიუსი – პროვინციალ ვაკეს ხანდახან ეპაექრება.
ნათელაშვილი, ცნობილი ფაქტია, არავის უსმენს და სავარაუდოა, რომ, არ მოუსმენს პროვინციასაც.
დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ნათელაშვილი 10%-ს ვერ ასცდებოდა.

გიორგი თარგამაძე
ნათელაშვილის მსგავსად, ისიც პროვინციელია, დამოუკიდებლად იმისა, სადაა დაბადებული და აღზრდილი.
თარგამაძე მზარდია, მაგრამ, ყოველთვის უგემოვნებო – ხან აბაშიძის, ხან პატარკაციშვილის და ხანაც თავკერძას ფარული თუ ღია ტრფიალი მის შესახებ უცენზურო ეპითეტებს ამრავლებს.
თარგამაძე უსმენს, მაგრამ “თავისას აწვება”, ეს თავისი კი ხან უგემოვნებოა, ხან ექსტრემისტული და ხანაც პოპულისტური.
დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, თარგამაძე 5%-ს ვერ ასცდებოდა.

ირაკლი ოქრუაშვილი
პროვინციელობაში მას ვერავინ შეედრება... ხანდახან იფიქრებ, რომ, მისი ოცნება ტყვიავში ტყვიების საწყობის ქონაა.
არსებობს ეჭვი, რომ, მისი გააქტიურება მხოლოდ წრფელი პროტესტი არ იყო – გააქტიურეს მარადმა მოწინააღმდეგეებმა.
ის საჯაროდ აცხადებს, რომ პრეზიდენტობა არ სურს. თუმცა, მასაც, თარგამაძის არ იყოს, ხშირად ეცვლება განწყობები.
დღეს რომ საპეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, 7-8%-ს ძლივს დააგროვებს.

ლევან გაჩეჩილაძე
ოქრუაშვილის სრული ანტიპოდი გაჩეჩილაძეა – ექსცენტრიული ლიდერი, რომელიც პოლიტიკოსად ვერ გარდაიქმნა.
“გრეჩიხა” სახალხო ლიდერია. მართვის თავისებური სტილით და ხანდახან მაგიდაზე მუშტის დარტყმით გამორჩეული.
მას გულრწფელობა ახასიათებს და დიპლომატიურობა არ აქვს.
დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ალბათ, 15%-ს ვერ ასცდებოდა.

21.03.2009

პიროვნების როლი










ვარაუდობენ, რომ, პრეზიდენტი სააკაშვილი თანამდებობას აპრილშივე დატოვებს.

ხელისუფლების მომხრეები აცხადებენ, რომ ეს 2013 წლამდე არ მოხდება.

თუ სააკაშვილი არ გადადგა, ოპოზიციის ნაწილი ხავერდოვან რევოლუციაზეც თანახმაა.

ყველა ხავერდოვანი რევოლუციის მცდელობიდან სახელმწიფო გადატრიალებამდე, რეალურად, ნახევარი ნაბიჯია.



სისხლის ღვრამდე ნახევარი ნაბიჯი იყო ხავერდოვან 2003 წელსაც, მაგრამ მომავალმა პრეზიდენტმა მაშინ წითელი ვარდი დაიჭირა და მაშინდელი პრეზიდენტის ჩაი “ზალპამ” მოსვა.

დღეს ერთმანეთს ადარებენ ყოფილ და დღევანდელ უმაღლეს მმართველებს, ამბობენ, რომ, პირველი მათგანი ბრძენთა ბრძენი გამოდგა, სისხლი რომ არ დაღვარა და უმტკივნეულოდ გაგვეცალა... მთავარი მაინც ისაა, რომ, ყოფილი პრეზიდენტი თავადაც ხვდებოდა - ვერ ვითარდებოდა მისი მმართველობის დროს ქვეყანა.

დღევანდელ პრეზიდენტს, წინამორბედისგან განსხვავებით, ჩანს, თავკერძობა მოსძალებია, რადგან მართლაც სჯერა - მხოლოდ თავადაა ქვეყნის გადამრჩენი და მისი ოპონენტები, ყველანი ერთად და ცალ-ცალკე, მტრები, მოღალატეები, დაუნახავები, ქაჯები და მდაბიოები არიან.

სწორედ უმაღლეს მმართველთა დამოკიდებულება საკითხებისადმი ზრდის და ამცირებს ხავერდოვანი რევოლუციიდან სისხლის ღვრამდე ნახსენები ნახევარი ნაბიჯის გადადგმის ალბათობას... სწორედ ამიტომაა პიროვნების როლი უმეტესად გადამწყვეტი იმგვარ ვითარებებში, როგორშიც, კიდევ ერთხელ და სავალალოდ, კვლავაც აღმოვჩნდით.

რასაკვირველია, პროცესებისადმი დამოკიდებულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია პიროვნებათა (ამ შემთხვევაში პრეზიდენტთა) ბიოლოგიური ასაკი, სხვა თანამდებობების პირთა ერთგულება მათ მიმართ და იდეისადმი, გარე სამყაროს დამოკიდებულება მოვლენებისადმი, ოპონენტთა მზაობა, აიღონ ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა... სხვა ფაქტორები, მაგრამ, უმთავრესი მაინც პიროვნებაა, ინდივიდია, ამ შემთხვევაში უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც გადამწყვეტი როლი ეკისრება ამგვარ პროცესებში.

ამავე კონტექსტში, ახლაღა ვხვდებით, რომ, იმ, 2003 წლის ხავერდოვნად რევოლუციის “თანაავტორი” (მხოლოდ არა იმ გაგებით, რომ ამბობენ, “შეკრულები” იყვნენ რევოლუციონერები და შევარდნაძეო), სწორედ შევარდნაძე იყო და სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი იმ პროცესებში. (იქნებ სწორედ ამიტომ თქვა მომავალმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 ნოემბრის გაზეთ “24 საათისთვის” მიცემულ მოკლე კომენტარში: “შევარდნაძე მაგარი კაცია”). შევარდნაძის პიროვნულმა გადაწყვეტილებამ, წასულიყო სახლში მეუღლესთან და არა იმ ადამიანებთან, რომლებიც ტანკების გამოყვანისკენ მოუწოდებდნენ, განაპირობა პროცესების უსისხლოდ დაასრულება. შედეგად, შევარდნაძემ მიიღო სახელმწიფოებრივი ინდულგენცია, ხოლო სახელმწიფოს შერჩა განვითარების პერსპექტივა.

რთული სათქმელია, მაგრამ, მაინც ვიტყვით, შევარდნაძის სწორედ იმ ერთმა პიროვნულმა ნაბიჯმა გადასწონა მისი შეცოდებანი ზოგადად ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონკრეტული ადამიანების მიმართ.


***

მოსაზრება, რომ საზოგადოებას შეეძლო მოეთმინა 2003 წელს და ყოფილი რეჟიმი სწორედ არჩევნებით გაგვესტუმრებინა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ლეგიტიმურია... თუმცა, არანაკლებ ლეგიტიმურია მეორე აზრი - სტატიური ყოფილი პრეზიდენტისთვის სწორედ მისი სტატიურობა არ უნდა შეგვერჩინა და კანცელარიიდან თუნდაც კრწანისში დაუსჯელად უნდა გაგვესტუმრებინა. ლეგიტიმურია ჩვენი დღევანდელი მოუთმენლობაც – დინამიური სააკაშვილის დინამიკაში დაშვებული შეცდომების ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ, კითხვა: “აქვს თუ არა ქვეყანას განვითარების პერსპექტივა მისი მმართველობის პირობებში”, აქტუალურია.

***

სწორედ ყოფილი პრეზიდენტის მართვის მეტად სტატიურმა და დღევანდელი პრეზიდენტის მართვის ძლიერ დინამიურმა სტილმა, აგრეთვე, ორივე მათგანის მიერ მართვის დროს დაშვებულმა გამოუსწორებელმა შეცდომებმა, დღის წესრიგში დასვა ქვეყნის კონსტიტუციური წყობის შეცვლის საკითხი.

პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ვისაც არ ეზარება, თითქმის ყველა საუბრობს, რომ, სააკაშვილის წასვლის (დათვის მოკვლის) შემდეგ, უნდა მოხდეს ქვეყნის ან საპარლამენტო რესპუბლიკად ან კონსტიტუციურ მონარქიად ტრანსფორმაცია.

საინტერესოა, რომ, ამ თემაზე ერთ ხმაში მსჯელობენ რესპუბლიკელები და ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები და დემოკრატები, ქრისტიან-დემოკრატები და კონსერვატორები... ტრადიციონალისტები, ლიბერალები...

საყურადღებოა, რომ, ქვეყნის წყობის შეცვლაზე არ, ან ძალიან ცოტას საუბრობენ მხოლოდ ისინი, რომლებსაც ამ წყობაში უმაღლეს ხელისუფალად დარჩენის ან მოსვლის რეალური შანსი აქვთ - არც სააკაშვილი და არც ბურჯანაძე ამ საკითხზე არაფერს ამბობენ, ხოლო ალასანია ღიად აცხადებს, რომ თავად საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრეა, თუმცა, საბოლოოდ, მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელ მოდელს აირჩევენ.

იმისათვის, რომ ამა თუ იმ მოდელის უპირატესობაზე ვისაუბროთ, თავად “დემოსს”, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ პრაქტიკულად სრული ინფორმაცია ამ საკითხებზე. საზოგადოებას, მათ შორის კონსტიტუციური მონარქიის მომხრეთაგან უნდა განემარტოს, რომ, ამ ეტაპზე ამ მოდელის შემოღება, სხვა თუ არაფერი, შეუძლებელია, რადგან რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ მის განუმეორებლობაზე, საქართველოში უახლეს 16-20 წელიწადში ეს წყობა უბრალო მიზეზის გამო ვერ დაინერგება – ზრდასრული (ჯერ დაბადებულიც კი) მონარქი არ გვყავს... ხოლო ამ იდეის ავტორი, სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია და პირადად პატრიარქი, მის ხორცშესხმას სწორედ მაშინ აპირებდა, როდესაც მონარქი ჯერ დაიბადებოდა, შემდგომ ეკლესიის წიაღში აღიზრდებოდა და ბოლოს კი, ზრდასრულ ასაკში, ამგვარი მოდელის სახელმწიფოს თავკაცობას იკისრებდა.

თუ მონარქზე საუბარიც კი უტოპიურია, ნაკლოვანია მეორე მოდელი - საპარლამენტო რესპუბლიკაც.

ამგვარი მოდელი მართვის ჰორიზონტალური სტილით გამოირჩევა. ნომინალური პრეზიდენტი და ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფალი - პრემიერი, ძლიერი საპარლამენტო კონტროლით, ამ მოდელს საპრეზიდენტოსაგან მნიშვნელოვნად გამოარჩევს. თუმცა, თუ, პირობითად 2029 წლისთვის (ანუ პერიოდისთვის, როდესაც მონარქი დაბადებულიც იქნება, აღზრდილიც და დაღვინებულიც), ქვეყანაში კვლავ უნდა განვიხილოთ ქვეყნის წყობის საკითხი, უმჯობესი იქნებოდა, საპრეზიდენტო მმართველობა, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, სწორედ ამ პერიოდამდე დაგვეტოვებინა.

საპარლამენტო მოდელის მოწინააღმდეგეთა მეორე და უმთავრესი არგუმენტი მაინც სხვაა - ფაქტია, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, საპარლამენტო მოდელის ქვეყნების აღმასრულებელ ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვებული პარტიები ერთპიროვნულად ან კოალიციურად აკომპლექტებენ. ეს კი, იმგვარი გეოსტრატეგიული მდებარეობის ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, შეიძლება, წამგებიანიც იყოს – საკანონმდებლო თუ სამთავრობო კრიზისების ალბათობა მეტად გაიზრდება, რაც, თავისთავად შეანელებს სახელმწიფოს პროგრესის ტემპებს. (სახელმწიფოს პროგრესში არ იგულისხმება შეღებილი ფასადები, აშენებული და დაუსრულებელი საავადმყოფოები და ქარხნებისთვის შეწერილი ყურძენი... ანუ, პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ერთპიროვნულად იღებდა დღევანდელი ძალაუფალი).

გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ, საპარლამენტო მმართველობის პრემიერი მართვის დროს იმგვარივე შეცდომებით გამოირჩეს, როგორებითაც გამოირჩევა საპრეზიდენტო მმართველობის პრეზიდენტი, რაც, რასაკვირველია, პარლამენტისა თუ საზოგადოების მხრიდან, მეტად დასჯადი იქნება, ვიდრე საპრეზიდენტო მმართველობის დროსაა, მაგრამ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ერთი და იმავე ადამიანს პრემიერად მეორედ, მესამედ და მეოცედაც შეუძლია მუშაობა პრეზიდენტისაგან განსხვავებით, რომელიც, დღევანდელი კონსტიტუციის თანახმად, მაქსიმუმ ორჯერ შეიძლება იყოს არჩეული (უცებ რომ წარმოვიდგინოთ – სააკაშვილი არის პრემიერი და არა პრეზიდენტი... მისი განტავისუფლების შემდეგ მას პრემიერად მობრუნება შეუძლია მომავალი საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე).

ამდენად, თუ მართვის სტილი არ შეიცვალა, გამომდინარე პიროვნების როლიდან პროცესებში, გამორიცხული არ არის, რომ, საპარლამენტო პრემიერი არანაკლებ დიდი თავსატეხი იყოს ქვეყნისთვის, ვიდრე საპრეზიდენტო მოდელის პრეზიდენტია.

***

თუ გულრწფელები ვიქნებით, ჩვენ რეალურად ვიბრძვით (უნდა ვიბრძოდეთ) არა მხოლოდ საპრეზიდენტო იმგვარი მოდელის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენშია დანერგილი (თავისთავად, საპრეზიდენტო ქვეყნის ეს მოდელიც არადემოკრატიული, დაუბალანსებელი და ავტოკრატულია), არამედ, პირველ რიგში, იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც ეს მოდელი დანერგა, კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო, დაუსჯელობის სინდრომი გააჩინა და განუსაზღვრელ ძალაუფალად იქცა.

მეტიც, თუ უფრო განვაზოგადებთ, ჩვენ ვებრძვით (უნდა ვებრძოდეთ) არა მხოლოდ ამ პირს, რომელმაც ეს არადემოკრატიული მოდელი შექმნა, არამედ უპირველესად, მართვის იმგვარ სტილსა თუ მეთოდს, რომელიც ამ პირმა ამ პირობებში დანერგა. თუ ეს ასეა, უნდა ვაღიაროთ, რომ, დემოკრატიული საპრეზიდენტო მმართველობა, თავისთავად, ცუდი ნამდვილად არ არის. ხოლო ცუდი, მიუღებელი, არადემოკრატიული და ტირანიასთან ტოლობის ნიშნიანი მხოლოდ ის მმართველობაა, რომელიც დღეს არსებობს და რომლის ავტორიც დღევანდელი ხელისუფალია. ანუ, ცუდია სააკაშვილის პრეზიდენტობა და მართვის სტილი და არა ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტი.

ამგვარი აღიარება არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად არ ვიმსჯელოთ, რომელი მოდელი სჯობს სამომავლოდ – საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო, არ განვიხილოთ მათ შორის კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის პერსპექტივებიც, მაგრამ, რამდენადაც დღევანდელობის პრობლემა, არა საპრეზიდენტო დემოკრატიულ არამედ საპრეზიდენტო ტირანულ მმართველობაშია, ამგვარი ძირეული საკითხების მყისიერად და სპონტანურად გადაწყვეტაზე უარი, ალბათ, ამთავითვე უნდა ვთქვათ.

უარსათქმელია ამ საკითხების ინიცირება იმიტომაც, რომ, უმრავლესობა ჩვენგანი დღეს ითხოვს რიგგარეშე საპრეზიდენტო მმართველობას – თუ წარმოვიდგენთ, რომ, სააკაშვილი მართლაც გადადგა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, იმ პატიოსან, წესიერ, ხალხისაგან მხარდაჭერილ ახალ მმართველს, ჩვენ ამთავითვე ჩავაგდებთ ერთგვარ უხერხულ ვითარებაში, როდესაც მოვთხოვთ სახელმწიფო მოდელის მყისიერად შეცვლას, ანუ გადადგომას და თუ ამას არ შეასრულებს, კიდევ ერთხელ და ამჯერად უმიზეზოდ თუ უარგუმენტოდ დავატრიალებთ ბედის ბორბალს ამჯერად მის თავზე.

***
ვითარებაში, რომელშიც ჩვენ კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით, პიროვნების როლი მნიშვნელოვანი და იქნებ გადამწყვეტიცაა – 2003 წელს ჩვენ ერთად გავიარეთ ბეწვის ხიდზე და სახელმწიფო, დღეს რომ მოდაშია იმ სიტყვას ვიხმარ, არ ჩამოგვეშალა.

კიდევ ერთი ბეწვის ხიდის, უფრო ვიწრო ხიდის კონტურები უკვე გამოსახულია... მალე ყველა ერთად დავადგებით ამ ხიდის გზას. პიროვნებებს შეუძლიათ ამ გზის გაფართოვება, მათ შორის მასაც, ვის წინააღმდეგაც ახლა დავრაზმულვართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანს ტკბილი, უზრუნველი ახალგაზრდობისა თუ სიბერის მხოლოდ კრწანისული პერსპექტივა უნდა დავუტოვოთ... პირიქით, თუ ადეკვატური იქნა, თანამედროვე დედამიწა იმდენად დაპატარავდა, რომელიმე დასავლურ უნივერსიტეტამდე ჩაღწევა მისთვის გაცილებით იოლი იქნება, ვიდრე რუსთავამდე დახურული მანქანით მგზავრობა, მით უფრო ქალაქში მომრავლებული საცობების გათვალისწინებით...

არც ჩვენ ვისურვებდით მისთვის ამ უკანასკნელ სვეს, რადგან ზოგადად არ არის სასიამოვნო, როდესაც ქვეყნის თუნდაც ექსმმართველი ბორკილდადებული ტუსაღია... და ბოლოს, კიდევ ერთხელ - უმაღლეს მმართველთა დამოკიდებულება საკითხებისადმი ზრდის და ამცირებს ხავერდოვანი რევოლუციიდან სისხლის ღვრამდე ნახევარი ნაბიჯის გადადგმის ალბათობას...

03.03.2009

საცხრააპრილო

უკანასკნელი 19 წელიწადია, ყოველი წლის 9 აპრილს, გამთენიისას, 4 საათისთვის, რუსთაველის გამზირზე ვარ – მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს დაახლოებით ღამის პირველ საათზე დავტოვე მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია და, ამდენად, აპრილის იმ ბობოქარი დღის უშუალო მონაწილედ არ ვითვლები, მაინც მოვალედ მივიჩნევ თავს, მუხლი მოვიყარო დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და ჩვეულებრივზე მეტხანს დავფიქრდე ამ ტრაგედიაზე.

მე არ მივდივარ მთავრობის სახლთან 1991 წლის 9 აპრილის გამო, თუმცა, ეს დღეც ძალზედ მნიშვნელოვნად მიმაჩნია – დამოუკიდებლობის აღდგენა ჩვენში “ხშირად” კი ხდება, მაგრამ, მგონია, რომ ეს უკანასკნელი დეკლარაციაა. იმედი მაქვს, უკანასკნელი...
1989 წლის ტრაგედია კი უკანასკნელი ნამდვილად არ არის და არ ვგულისხმობ მხოლოდ შემდგომ წლებში განვითარებულ მოვლენებს აფხაზეთსა თუ შიდა ქართლში, არ ვგულისხმობ თუნდაც აგვისტოს ომს... ის ტრაგედია უკანასკნელი არც რუსთაველის გამზირისთვისაა – 1991-92 წლების მოვლენები... 2007 წლის ნოემბერი...
ახლაც, 2009 წლის 9 აპრილს, ტრაგედიიდან 20, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 18 წლის შემდეგ, სისხლნანახ, მაგრამ, მაინც გამორჩეულად სურნელოვან რუსთაველზე ვიქნები, ზუსტად ღამის 4 საათზე და კვლავ შემომეგებიან ჩვეულებრივი, ვთქვათ ასე, არაცნობადი სახეები ტკივილიანი თვალებით იმდროინდელი საქართველოდან.
ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ, ვხვდები ... წლიდან წლამდე მათი რაოდენობა კლებულობს... ხოლო ნაცნობი, საქვეყნო სახეებიდან, 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეებიდან, საქართველომ დაკარგა მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია, აკაკი ბაქრაძე...
1989 წლის 9 აპრილიდან 20 წლის თავზე საქართველო ისევ ბობოქარია, რუსთაველის გამზირი - ისევ მოვლენათა ეპიცენტრი.
დამოუკიდებელ საქართველოში ხელისუფლებას, კონკრეტულ ხელისუფალს ვუპირისპირდებით, დემოკრატიის ხარისხს ვუწუნებთ, ადამიანის უფლებათა დარღვევაში ვადანაშაულებთ, გადადგომისკენ მოვუწოდებთ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ვთხოვთ.
დამოუკიდებელი საქართველო ვახსენე - რომ ვუფიქრდები, მხოლოდ ფერი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე და გაეროს წევრობა, თუნდაც დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების ნაწილობრივი უნარი არ ყოფილა დამოუკიდებლობის ხარისხის განმსაზღვრელი, ჩვენ არასაკმარისი დამოუკიდებლობა გვაქვს, ვართ და თან არ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთოდ სახელმწიფო...
არადა, ასეთ სამშობლოს ნამდვილად არ ვნატრობდით – ტერიტორიებშელახულს, ომგამოვლილს, ღირსებააყრილს...
სწორედ ამის საპროტესტოდ ირაზმება ხალხი საცხრააპრილოდ, ტრაგედიიდან ოცი, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 18 წლის შემდეგ.
ახალ ისტორიას ახალი ადამიანები წერენ, შემდგომი თუ მიმდინარე ოცწლედის ადამიანები. “სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული” თუნდაც იმიტომ, რომ გარდასულ დღეთა ნამდვილი და ფსევდოგმირები მოხუცდნენ, ჯანი წაერთვათ, დაიღალნენ.
”ახალგაზრდობა – იმედი ხვალის” კი შემართულია, ათასგვარი ლოზუნგი გამოაქვს, რითმავს.
შესაძლებლობებიც განუსაზღვრელად დიდია - საზოგადოებრივი, ”დამოუკიდებელი” და დამოუკიდებელი ტელევიზიები, ყვითელი და მყვირალასათაურიანი გაზეთები, ფერადი კარგი და ფერადი უგემოვნო ჟურნალები, თანამედროვე ტექნოლოგიები...
“ეროვნულ მოძრაობას მოწოდებისა და ინფორმაციის გავრცელების ამდენი შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, 200 ათასზე მეტ ადამიანს გამოიყვანდა და კომუნისტებიც გაცილებით ადრე წავიდოდნენ” - უნებურად მახსენდება 2007 წლის 2 ნოემბერს ერთი ჩია კაცის ჩალაპარაკებული.
თანამედროვე ტექნოლოგიები... ასე მგონია, რომ მაინც არასაკმარისი, არასრულყოფილი მეთოდია საზოგადოების მანიფესტაციაზე მიყვანისა და, მით უფრო, მისი იქ პერმანენტულად გაჩერებისთვის.
2009 წლის 9 აპრილს, ჩანს, 2007 წლის 2 ნოემბრის რაოდენობრივი “რეკორდიც” მოიხსნება, მაგრამ კითხვა: რა იქნება 10,11,12,13,14 და აპრილის შემდგომ სხვა დღეებში, თუკი პრეზიდენტმა თანამდებობა არ დატოვა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა არ გვაუწყა, მაინც არ მასვენებს.
გახსნილი თუ დახურული ტელევიზიებიდან ახალი ამბების მაუწყებელი წამყვანები ვერასოდეს, ხოლო დაძაბული სახეებით მომზირალი პოლიტიკოსები დიდხანს ვერ დარჩებიან პროპაგანდისტებად – თუ ხელისუფლებამ 2007 წლის 7 ნოემბრის მსგავსი შეცდომა არ გაიმეორა, მას აქციები ბევრს ვერაფერს დააკლებს თუნდაც იმიტომ, რომ მას, ამ შემთხვევაში, არც პარტნიორი ქვეყნებიდან მიუთითებენ კარისაკენ.
შესაბამისად, ყოველდღიურად შემოიფრცქვნება, შემცირდება ხალხის ნაკადი, ვიღაცას აპათია დასძლევს, ვიღაცას - ღრმა დეპრესიის სურვილი... ზოგი კვლავ მოითხოვს სადმე შევარდნა-შეჭრას და ლიდერები კვლავ გააჩერებენ, ზოგს კი პირველვე აქციაზე შემოეყრება გული, როდესაც ჭკუის დამრიგებლად ისინი მოევლინებიან, ცოტა ხნის წინ მიტინგების დარბევასაც რომ ამართლებდნენ, არჩევნებსაც აყალბებდნენ და მაგალითად დევნილებსაც რომ მიმართავდნენ არც თუ საამური სიტყვებით.
რა ხდება შემდეგ? – ეს კითხვა, წესით, დღესვე პასუხგასაცემი იმ შემთხვევაშიცაა, მანიფესტანტთათვის ყველაზე კარგი სიზმარიც რომ ახდეს – ზუსტად 9 აპრილსაც რომ გადადგეს ხელისუფალი.
რა ხდება შემდეგ? როგორ, რა წესის ქვეყანას ვაშენებთ? ამ კითხვებზე პასუხები, თანამედროვედ რომ ვთქვათ, მესიჯები, გასაგზავნია პარტნიორ დასავლეთშიც, რომელსაც ფინანსური კრიზისი კი მოსძალებია, მაგრამ, ეს კრიზისი შედარებით იოლად რომ დასძლიოს, მათ შორის ამ რეგიონშიც უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტია და პროცესებში საკუთარი თანამონაწილეობის განცდა თუ შესაძლებლობა.
რა ხდება შემდეგ? ამ კითხვაზე პროტესტანტთა უმრავლესობის პასუხი ცნობილია – “გადადგეს ხელისუფალი და მერე დალაგდება ყველაფერი”. ჩვენ კი ვიცით - ამ ქვეყანაში ურემი არაერთხელ ჩვენს თვალწინაც გადაბრუნებულა, მაგრამ, გზა, სამწუხაროდ, არ გამოჩენილა.
ამ მხრივ ყველაზე მწყობრად ჩამოყალიბებული თვალსაზრისი არა “9 აპრილის კომიტეტს” არამედ ”ალასანიას ალიანსს” აქვს. დეკლარირებულია – ქვეყანა იქნება საპრეზიდენტო, ძლიერი, დამაბალანსებელი პარლამენტით, დამოუკიდებელი სასამართლოთი, ხოლო კონფლიქტების მოგვარების ძალისმიერი გზა არც კი განიხილება.
სხვა პოლიტიკური პარტიებისაგან მწყობრი მსჯელობა ამ საკითხებზე არ მოგვისმენია – ერთადერთი ქრისტიან-დემოკრატები მახსენდებიან, კონსტიტუციური მონარქიის მომხრეები და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად ცნობის ინიციატორები.
თუ ამ “გლობალურ” საკითხებზე პოლიტიკოსებს არ უფიქრიათ, არც ვიკითხავ – როგორ აპირებენ ისინი მართლაც გლობალური საკითხების მოწესრიგებას, მაგალითად, ნახსენებ მსოფლიო ფინანსურ კრიზისთან გამკლავებას, ინვესტიციების მოზიდვას... უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას.
მაგრამ, ვიკითხავ, ხელისუფალის წასვლის შემდეგ აძლევენ თუ არა ინდულგენციას იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან, ადამიანის უფლებათა დარღვევითაც გამოირჩევიან და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებითაც... და თუ არ აძლევენ, მაშინ, ხელშეუხებლობით რატომ ისარგებლებენ (თუ ისარგებლებენ) ისინი, მათ რიგებში ახლა რომ გადაბარგდნენ, მანამდე კი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არანაკლებად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და არანაკლები ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით გამოირჩეოდნენ?
“დაუსჯელობის სინდრომი” ცუდია, მაგრამ, არანაკლებ ცუდად მოჩანს “ვენდეტის სინდრომი”.
მსჯელობაც ზედმეტია – არსებული ხელისუფლების ნდობის ვოტუმი ძალზე დაბალია, ნებისმიერი კონსტიტუციური გზა – აქცია, მიტინგი, მანიფესტაცია, რეფერენდუმი, არჩევნები... უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დღევანდელი მმართველობა ჩვენი ქვეყნის საჭეს ჩამოსცილდეს; მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ამთავითვე უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის სახელმწიფო აშენდება მაშინ, როდესაც, ეს ხელისუფლება ისტორიას ჩაბარდება. ... და უნდა ვიცოდეთ, ჩვენი აქცია, პროტესტი, რეფერენდუმი, არჩევნები ... მხარგამაგრებული და მოწონებული იქნება თუ არა იმავე დასავლეთისგან.
მისაყვედურებენ – “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის”, რა დროს დასავლეთიაო; ვუპასუხებ – 2008 წლის 5 იანვარსაც გვეყუდვნოდა ჩვენი თავი, მაგრამ, დასავლეთმა “გვიგანა”, რადგან, ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის მეტსახელი ნამეტანი “ვაკურად” ჟღერდა, მისი ოპონენტი კი კომპიუტერთან და ინგლისურთან მწყრალად არ იყო...
რა სათქმელია და, გავიგე – ლევან გაჩეჩილაძე საპრეზიდენტოდ საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებს, რისთვისაც ის კიდევ ერთხელ დავაფასე, ხოლო ყველაზე მეტად მისი ის საქციელი მხიბლავს, ამ ვაკელმა და მეტსახელიანმა ხალხი რომ გააჩერა 2008 წელს, ხალხი, რომელიც ვენდეტას ითხოვდა, ხოლო ამ დროს სახელმწიფო თავზე გვენგრეოდა.
(ისე, სახელმწიფო მერეც დაგვენგრა, უკვე აგვისტოში).
და ბოლოს, 2009 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე რუსთაველის გამზირზე ვიქნები და კვლავ შემომეგებიან ჩვეულებრივი, ვთქვათ ასე, არაცნობადი სახეები ტკივილიანი თვალებით იმდროინდელი საქართველოდან.
ასე ვივლით ჩვენ რუსთაველის გამზირზე, სისხლნანახ, მაგრამ, მაინც გამორჩეულად სურნელოვან ჩვენს რუსთაველზე...
ადრე ”9 აპრილის თაობის” წარმომადგენელი მიწოდეს... პათეტიკურად კი ჟღერს, მაგრამ, მართლა მინდა, რომ 7 ნოემბრისა და 9 აპრილის თაობებმა ერთად ააშენონ ეს ქვეყანა...

ABOUT TABLO

ჟურნალისტი, მედია-ექსპერტი,